უცხოური მედიასაშუალებები თურქეთში მომხდარ შემზარავ ფაქტზე წერენ. ადგილობრივმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შვილის სიკვდილში ბრალი მიუძღვის. მანამდე ბავშვის სიკვდილის მიზეზად კოვიდ-19 მიიჩნეოდა.
აპრილის ბოლოს ფეხბურთელ ცევხერ ტოკტაშის ოჯახში უბედურება დატრიალდა. მისი 5 წლის შვილი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაც თან გაჰყვა და ბავშვს გვერდიდან არ მოსცილებია.
ბიჭუნას საშინელი ხველა და უჰაერობა აწუხებდა. მამა პალატიდან გაიქცა და ექიმებს დაუძახა, ამბობდა, რომ ბავშვმა სუნთქვა შეწყვიტა. სპეციალისტებმა ეს კორონავირუსის მძიმე გართულებად ჩათვალეს და ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აღიარა, რომ სინამდვილეში ბავშვი ბალიშით გაგუდა.
მისი თქმით, შვილი არასოდეს უყვარდა.
სამართალდამცავებმა სპორტსმენი დააკავეს. ჩატარდა ბავშვის სხეულის ექსჰუმაცია. თუ ფეხბურთელის ნაამბობი დადასტურდა, მას სამუდამო პატიმრობა ელის.
ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ მამამ ეს აღიარება იმისთვის მოიგონა, რომ ცხედრის მუსულმანური წესით დაკრძალვის უფლება მიეღო. როგორც ცნობილია, კორონავირუსით გარდაცვლილების ცხედრები სპეციალური პროტოკოლის მიხედვით იკრძალება.