დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლების ცნობით, ბრიტანელ ბავშვებში აღმოაჩინეს დაავადების იშვიათი, სახიფათო სინდრომი, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში. ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანელი ექიმები ავრცელებენ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, სადაც ნათქვამია, რომ ლონდონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ასევე, გაერთიანებული სამეფოს სხვა კლინიკებში მკურნალობენ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, უჩვეულო სიმპტომებით.
BBC-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბავშვებს უვლინდებათ მულტისისტემური ანთება გრიპის მსგავსი სიმპტომებით. ამ ბავშვების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. უცნობია, თუ რამდენ მათგანში გამოვლინდა უჩვეულო სიმპტომები, მაგრამ როგორც გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, მათი რაოდენობა ბევრი არ არის.
ეროვნული ჯანდაცვის სერვისში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს და ექსპერტებს ყველა შემთხვევის განხილვა და შესწავლა სთხოვეს.
"მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ჩვენ მედიკოსების მოხსენებები ვნახეთ და ვთხოვეთ ექსპერტებს, დაუყოვნებლივ განიხილონ ყოველივე“, - ამბობს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის სამედიცინო დირექტორი, სტივენ პაუსი.
ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვებში გამოვლენილი უჩვეულო სინდრომი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან, ან შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ინფექცია, რომელიც ასევე COVID-19-თან არის კავშირში. განაგრძეთ კითხვა