37 წლის სალომე გოგიაშვილი პროფესიით ჟურნალისტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, ტელეწამყვანად აღარ მუშაობს, ტელეეკრანზე თუ პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდება. როგორც თავად ამბობს, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი მისი გულწრფელობითაა გამოწვეული - პირადი ცხოვრების შესახებ ღიად საუბრობს, არასდროს არაფერს იგონებს... ამჟამად, აქტიური "ტიკტოკერია"...
- სალომე, საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათე...
- კარგი დედა, კარგი მეგობარი და მოსიყვარულე ადამიანი.
- შენი აზრით, მსოფლიოში დღეს შექმნილ სიტუაციას რაიმე დადებითი მხარე აქვს?
- ის, რომ საკუთარ თავში ყველამ რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ: თურმე, ზოგი კერძებს კარგად ამზადებს, ზოგი - კარგი დედაა, ზოგი საერთოდ, იმას ამბობს, რომ ოჯახის წევრი ხელახლა გაიცნო... ვფიქრობ, დღეს არსებულმა ვითარებამ რაღაცები დაგვაფასებინა და გადაგვახარისხებინა, ბევრი ადამიანი "სხვა თვალით", ხელახლა დავინახე... ყველაზე მეტად მეგობრები მომენატრა...
- შენს ბიოგრაფიაში არის დეტალი, რომელსაც ისურვებდი, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს?
- კონკრეტული დეტალი - არა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი, უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი პრინციპი მაქვს: რაც უკვე იყო, იმას არასდროს ვნანობ. როცა საზოგადოების ნაწილისგან ჩემ მიმართ აგრესია მოდის, თავში გამიელვებს, რომ ჩვეულებრივი, საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანის ცხოვრება ბევრად კომფორტულია, ვიდრე ცნობილის, მაგრამ უცბად ვხვდები, რამდენ ადამიანს ვუყვარვარ. ეს სიყვარული აგრესიას გადაწონის ხოლმე. ამიტომ მაინც ჩემს პრინციპს "მივაწვები" და ყოველთვის ვიტყვი: რაც იყო, არ უნდა ინანო.
- როგორ ფიქრობ, საზოგადოების ნაწილის აგრესიას რატომ იწვევ?
- დაუმსახურებლად შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არც აგრესია გამომიხატავს. ჩემს ემოციებს მიზეზი ყოველთვის აქვს. შესაბამისად, ჩემთვის უცნობი ადამიანი თუ ჩემ მიმართ ან ცუდ კომენტარს დაწერს, ან უარყოფით ემოციას სხვაგვარად გამოხატავს, სოციალურ ქსელში მის გვერდზე შევდივარ და ვნახულობ, ვინ არის, რას წარმოადგენს... გარეგნობის, მისი სოციუმის საფუძველზე, ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. როცა ვხედავ, "სად არის" ადამიანი, ვხვდები, ჩემ მიმართ აგრესია რატომ უჩნდება. მისი უარყოფითი ემოციები ბოღმისა და შურის ბრალია, რადგან შეიძლება ვიღაც მასზე უკეთ ცხოვრობს, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება აქვს, მეგობარი ჰყავს...
- ამ ეტაპზე, შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?
- ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ 4 შვილი მყავს. ამას პირფერობის გარეშე ვამბობ. პირობითად, დღეს თუ სასაცილო ვიდეო ჩავწერე ან რომელიმე გადაცემაში გამოვჩნდი, ეს დროებითია, - შეიძლება, ხვალ არავის ვახსოვდე. ჩემთვის ეს ფუნქცია, მოვალეობაა, რადგან ჟურნალისტობა ავირჩიე და ამ სფეროში ვტრიალებ.
- ძიძების შესახებ რას გვეტყვი?
- ძიძები ჩემთვის ოჯახის წევრები არიან. უმცროს შვილს ჰგონია, რომ ძიძა მისი ბებიაა და "ბებოს" ეძახის, რადგან ბავშვის დაბადებიდანვე ჩვენთან ცხოვრობს. ჰოდა, "ბებო" ბავშვს ხომ არ დატოვებდა და წავიდოდა (
იცინის)?! მეორე ძიძაც ჩვენთანაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი მზარეულია. ახალ-ახალი კერძებით გვანებივრებს. სულ ვეხუმრები, კორონა რომ "გადაივლის", ინტერნეტს და ტელევიზიას "გადავჭრი", რომ ეს ამბავი ვერ გაიგო და ჩვენთან დარჩე-მეთქი (
იცინის).
განაგრძეთ კითხვა