ოდრი ჰეპბერნის ხიბლსა და სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს. მისი სინორჩე, განუმეორებელი სტილი და დახვეწილობა დღესაც ბევრს აღაფრთოვანებს. საყოველთაო პოპულარობისა და ვარსკვლავური კარიერის მიუხედავად, ოდრის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ჭორებისა და სკანდალების საზრდო. წარმატებული მსახიობის გარდა საკმაოდ მოთხოვნადი ფოტომოდელიც იყო. თავისი სინაზითა და სინატიფით პოზიტივით ავსებდა მაყურებელს, თუმცა მისი ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა მასავით ლამაზი.
ოდრი ბელგიაში დაიბადა და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. ასე რომ, მისი არისტოკრატული სტილი და დახვეწილობა გენეტიკურიც გახლდათ.
მისი სახელი გახლდათ ოდრი კეტლინ რასტონი, თუმცა მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად, ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმაც ჰყავს.
საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა, რაც პირველ რიგში, მისი მძიმე ბავშვობიდან დაიწყო. ოდრის მშობლებს ჰარმონიული ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, გამუდმებით ჩხუბობდნენ და თავიანთ ბოღმას ხშირად ოდრიზე ანთხევდნენ. განსაკუთრებით, დედამისი, რომელიც გამუდმებულ აკრძალვებს უწესებდა გოგონას - ტკბილეული არ უნდა ეჭამა, რათა არ გასუქებულიყო, ყოველთვის თავაზიანად უნდა ესაუბრა, არც ხმამაღალ სიცილს უწონებდა.
გოგონაც ცდილობდა, ყოველთვის მათთვის მოსაწონი ყოფილიყო, ამიტომაც მიეჩვია, თავის ინტერესებზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას, რაც მის ჰუმანიტარულ მისიებში კარგად აისახა. გამუდმებით წონაზე და კვების შეზღუდვებზე შენიშვნებმა თავისი გავლენა იქონია - დედისთვის რომ ესიამოვნებინა, ოდრიმ თანდათან შეიძულა ჭამა.
ამას საშინელი განსაცდელიც დაემატა, ნაცისტების მორიგი თავდასხმის დროს მას დიდი ხნით მოუხდა სარდაფში დამალვა, სადაც ლამის მთელი თვის განმავლობაში რამდენიმე ვაშლი და კარტოფილი ჰქონდა ნაჭამი. ამის შემდეგ მისმა ორგანიზმმა საკვების ნორმალური ათვისება და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება ვეღარ შეძლო. სხვთა შორის, ცნობილია, რომ ოდრის ზედმეტი სიგამხდრის გამო საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა, განსაკუთრებით, ფეხები. ამიტომ იშვიათად ნახავთ ფოტოებზე მის შიშველ ფეხებს, მითუმეტეს, წინხედით.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მან პირველი ოსკარის მიღების შემდეგ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "რომაულ არდადეგებში", უილიამ ჰოლდენი გაიცნო. სასიყვარულო ურთიერთობაც მალევე გაჩაღდა, მაგრამ გადატანილი ოპერაციის გამო ჰოლდენს შვილის ყოლის უნარი არ ჰქონდა. როგორც კი ამის შესახებ გაიგო, ოდრიმ, მიუხედავად იმისა, უილიამი ძალიან უყვარდა, მასთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო და მალევე გაჰყვა ცოლად მსახიობ მელ ფერერის.
ოდრის 3 წარუმატებელი ქორწინება
მისი პირველი მშობიარობა მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. ორი წლის შემდეგ ოდრი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება კვლავ ვერ შეძლო, გადაღებებზე ცხენიდან ჩამოვარდა და ერთი თვე გაუნძრევლად იწვა. პირველი შვილის გაჩენა მაშინ შეძლო, როცა უკვე 30 წელს გადაშორებული გახლდათ.
ბიჭუნას შონი დაარქვეს და ოდრი ვარკსვლავური ცხოვრებიდან მთლიანად ოჯახზე გადაერთო. თუმცა დროთა განმავლობაში მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
მოგვიანებით ოდრი იტალიელ ფსიქოანალიტიკოსს ანდრეა დოტის შეხვდა. ის თითქმის 10 წლით უმცროსი იყო ოდრიზე, თუმცა მსახიობმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გათხოვება. ოდრის მასთანაც ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ლუკა დაარქვეს. სამწუხაროდ, ისეთ ლეგენდარულ ქალსაც კი, როგორიც ოდრი გახლდათ, ქმრის ღალატის გადატანა უწევდა, თუმცა მეუღლის სასიყვარულო თავგადასავლები ოდრის დიდხანს არ უთმენია, ეს ქორწინებაც ჩაშალა და შვილების აღზრდას მარტო შეუდგა, რაც მშვენივრად გამოსდიოდა.
ამბობენ, რომ ოდრის ასთმიდან დაწყებული, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა. მას ხუთჯერ მოეშალა მუცელი და რომ არა მისი დაუოკებელი სურვილი, დედა გამხდარიყო, მისი მცდელობები უშედეგოდ დასრულდებოდა.
ოდრის ოცნება ხომ დიდი და ჰარმონიულო ოჯახი იყო, სადაც ბედნიერი ბავშვები დაიზრდებოდნენ.
ოდრის ვაჟები შონ ფერერი და ლუკა დოტი დღეს საკმაოდ წარმატებულები არიან და დედის შესახებ არაერთი წიგნიც გამოსცეს.
ოდრის ვაჟები, ლუკა დოტი და შონ ფერერი
ჰყავს თუ არა ოდრი ჰეპბერნს შვილიშვილები? დიახ, მას 5 შვილიშვილი ჰყავს. შონს 3 შვილი ჰყავს - ორი ვაჟი: სანტიაგო და გრეგორიო და ერთი გოგონა - ემა. ლუკა დოტის მეუღლე და ორი პატარა ქალიშვილი ჰყავს. მათ შესახებ ცნობები პრესაში პრაქტიკულად არ მოიპოვება.
ლუკა დოტი მეუღლესთან და პატარა ქალიშვილებთან ერთად ოდრი ჰეპბერნის ბიუსტის გახსნაზე. მათთან ერთადაა ოდრის ბოლო სიყვარული, რომელთანაც დაქორწინებული არ ყოფილა
ოჯახიდან პოპულარული მხოლოდ ემაა, რომელიც ბევრჯერ მოხვედრილა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში.
ოდრის არასოდეს უნახავს შვილიშვილები, რადგან 1993 წელს გარდაიცვალა. მისი უფროსი შვილიშვილი ემა კი 1994 წელს მოევლინა ქვეყანას. ამის მიუხედავად, როგორც კი ემა მოდელის ამპლუაში ეკრანებსა და ჟურნალების გარეკანზე აღმოჩნდა, ძალიან ბევრმა დაინახა მასში ბებიის ელეგანტურობა.
ემა მართალია, ხელოვნების აკადემიაში სწავლობს, თუმცა მსახიობობის სურვილი ჯერ-ჯერობით არ აქვს.