პანდემიის ფონზე საქართველოც ნელ-ნელა ხსნის დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა ყველაზე მეტად მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას ელოდება. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის პირველმა პირებმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრეს.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია" ,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების თარიღს უკავშირდებოდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას მთავრობის ცალკე სხდომა მიეძღვნება.
„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქით“ ჩართვისას განაცხადა, რომ მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრებს პირბადის ტარება მოუწევთ.
„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მისი ამუშავება საჭიროა. ადამიანთა გადაადგილებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქების შიგნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლების აღდგენის პროცესში, თუმცა აღდგენის პროცესი აუცილებლად იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება, რაც ყოველდღიურად წარმოიქმნება და შეიძლება, ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების გადაადგილებასთან ერთად, ასოცირებულია შესაძლო რისკების მატებასთან და თუ ამ რისკების მატების შედეგად, დღის წესრიგში დადგა დაავადების შემთხვევათა მატება, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას საზოგადოების ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შესაძლოა, მოგვიწიოს პერიოდულად უკუსვლების გაკეთებაც და კვლავ შეზღუდვების დაწესება. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას“,-განაცხადა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, განიხილება როგორც “კომენდანტის საათის” მოხსნის, ასევე “კომენდანტის საათის” დროის შემცირების საკითხი და ამაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ექიმების რეკომენდაციები და სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე.
„კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება, „კომენდანტის საათის“ დროის შემცირებასთან ერთად, ალბათ იქნება მიღებული ამაზეც გადაწყვეტილება. ყველა ჩვენი რეკომენდაცია და სახელმწიფოს რეგულაციები არ ყოფილა ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებელი, საუბარი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე. ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად. მთავარი იყო, რომ შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება და დავლოდებოდით რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ იმ მაგალითზე მოვმზადებულიყავით. ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთ შეზღუდვების პირობებში, დღეს ფატალური შემთხვევები იქნებოდა 200-ჯერ მეტი. ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსნება, ყველა აქტივობაც გაგრძლდება, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.