მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი კარანტინში ყოფნას ტრაგიკულად სულაც არ აღიქვამს და დაწესებულ შეზღუდვებშიც თავს კომფორტულად გრძნობს. დილით სამსახურში მიდის, მერე საოჯახო საქმეებს აგვარებს, ხანდახან ბავშვებსაც ასეირნებს და ცხოვრებას ნორმალურ რეჟიმში, ოდნავ განსხვავებულ რიტმში განაგრძობს.
- სიმართლე გითხრათ, პირადად მე, კარანტინში ყოფნა საერთოდ არ მაწუხებს, რადგან დილით გავდივარ, ვმუშაობ, დილის გადაცემაში ამინდის პროგნოზი მიმყავს, მერე კი სახლში ვარ და აქაურ საქმესაც ვაკეთებ ხოლმე. ერთი გამონაკლისი ისაა, რომ ღამის სამსახური - კარაოკე-ბარი ამჟამად დახურულია. იმედია, ყველაფერი მალე გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. რომ გითხრათ, ვნერვიულობ და ეს ყველაფერი მაწუხებს-მეთქი, ასე არ არის, ვერც კი ვგრძნობ და ეს 9 საათის შემდეგ არსებული კომენდანტის საათი მომწონს კიდეც.
- ელიზბარი და ნოდარიკო როგორ ეგუებიან არსებულ სიტუაციას?
- ეზოში ჩასვლა არ შეიძლება და ყველგან ვერ გავდივართ, მათთვის ამასთან შეგუება ცოტა ძნელია, თუმცა, პატარები არ არიან და ავუხსენით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რაც აქამდე არ ყოფილა, ვირუსია და ორივემ გაიგო, რეკომენდაციებსაც იცავენ. ძირითადად, სახლში არიან და ცოტა დაიღალნენ კიდეც, თუმცა ხანდახან დისტანციურად მაინც გამყავს იპოდრომზე, ვსეირნობთ, ვვარჯიშობთ. ვცდილობთ, დრო სუფთა ჰაერზე გავატაროთ, რადგან ეს მათთვის აუცილებელია, მით უმეტეს, როცა მზიანი ამინდია, რათა შესაბამისი ვიტამინები მიიღონ. სახლში ტელეფონში არიან ჩამძვრალები, ტელევიზორს უყურებენ, ფილმებს, მულტფილმებს, თამაშობენ და როცა გაკვეთილები აქვთ, დილით სწავლობენ. ძირითადად, ასე გადის დღეები.
- რუსკასთან თუ გაქვთ მიმოსვლა?
- არა, ხანდახან ბავშვი მოჰყავს ხოლმე, ყოველდღიურად არ ვსტუმრობთ ერთმანეთს, საჭიროებისამებრ მოდის. თუ რამეა, მაინც ერთი კლასტერი ვართ (
იცინის). დღის გეგმაც ისე ნაწილდება, რომ მე და რუსკა ერთმანეთს დიდად არ ვემთხვევით.
- საოჯახო საქმეებისა და კულინარობის კუთხით გოგონებმა ახალი შესაძლებლობები "აღმოაჩინეს" საკუთარ თავში, თქვენ?
- ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც კარანტინამდე ვაკეთებდი (
იცინის). ჩემთვის სიახლე ამ მხრივაც არაფერია. საჭმელების კეთება ადრეც მიყვარდა და ახლაც ვამზადებ. საერთოდ, სახლში ყოფნაც მიყვარს. ერთადერთი დისკომფორტი, რაც მთელ ამ ამბავს ახლავს, არის ის, რომ მაღაზიებში რიგში დიდხანს დგომა გვიწევს, მერე შეიძლება ის პროდუქტი იქ არ აღმოჩნდეს, სხვაგან მოგიწიოს წასვლამ და ახალ რიგში ჩადგომა გიხდება - ერთადერთი, ეს მაწუხებს. ყოველი გასვლისას, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებლად დასაცავ წესებს, ცხადია, ვიცავ. ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ექიმები გვირჩევენ.
განაგრძეთ კითხვა