ხანდახან სრულიად ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანები გაცილებით უფრო დიდ გმირობებს სჩადიან, ვიდრე ისინი, ვისგანაც ამას უფრო ელიან. შაახმედ შამახმუდოვი ცნობილი უზბეკი მჭედელია, რომელმაც ომის დროს 15 ბავშვი იშვილა.
შაახმედი და მისი ცოლი ბახრი ტაშკენტში ცხოვრობდნენ და მჭედლებად მუშაობდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს უზბეკეთში, სადაც შედარებით მშვიდი ვითარება იყო, 400 ათასზე მეტი ბავშვის ევაკუაცია მოახდინა საბჭოთა ხელისუფლებამ. მათი უმრავლესობა ობოლი იყო. შამახმუდოვებს თავიანთი შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს, რამდენიმე ბავშვი ეშვილათ და თავად აღეზარდათ. შაახმედი მაშინ 53 წლის იყო, მისი ცოლი კი - 40-ის.
ისინი ერთად მიდიოდნენ სარკინიგზო სადგურზე, სადაც დგებოდა მატარებლები, რომლებსაც ევაკუირებული ბავშვები ჩამოჰყავდა. სწორედ ამ პუნქტიდან მოჰყავდათ სახლში პატარები. ბავშვები სრულიად სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ - ბელორუსი, რუსი, უკრაინელი, მოლდოველი, რამდენიმე უზბეკი, თათარი, კაზაკი, ებრაელი, ჩუვაში... ერთ დღეს 5 თვის პატარაც კი მოიყვანეს სახლში და ბახრიმ თავად გაზარდა. ლეგენდა იმასაც ყვება, რომ ჩვილის სახლში გამოჩენის შემდეგ ბახრის, რომელსაც არასდროს ჰყოლია თავისი შვილები, მკერდში რძე ჩაუდგა და ბავშვი საკუთარი რძით გამოკვება.
სულ მათ ოჯახში ომის წლებში 15 ბავშვი აღიზარდა.
როდესაც მჭედლის ამბავი ცენტრალურ გაზეთებში გამოაქვეყნეს და ბევრმა შეიტყო ამ ადამიანების შესახებ, ერთ დღეს შაახმედმა მიიღო წერილი და რამდენიმე ასეული მანეთი, ომში მებრძოლი უფროსი ლეიტენანტი ლევიცკისგან. როგორც ის წერილში იუწყებოდა, მას საკუთარი შვილები დაუკარგავს ომში და შამახმუდოვის მიერ ნაშვილებ ბავშვებს აღუთქვა, სანამ ცოცხალი იყო, ყოველთვიურად მათთვის გაეგზავნა საკუთარი ფული.
შაახმედი და ბახრი
ზოგიერთი ბავშვი ომის შემდეგ მათმა ახლობლებმა იპოვეს და დაიბრუნეს, თუმცა რაღა თქმა უნდა, ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდა მათი აღმზრდელი კეთილი მჭედლები, რომელთაც ბავშვებს არა მხოლოდ საარსებო წყარო, განათლებაც მისცეს. ოჯახში მეგობრულად ცხოვრობდნენ, უფროსებისადმი პატივისცემას, შრომის სიყვარულს და ერთმანეთის დახმარებას ასწავლიდნენ ბავშვებს. ყველა მათგანისთვის ტაშკენტი მეორე სამშობლოდ იქცა.
ზოგიერთები შემდეგ ტაშკენტში დარჩნენ კიდეც საცხოვრებლად, ზოგიერთი კი დაუბრუნდა თავის მშობლიურ ადგილებს. ორი მათგანი - უზბეკი მუაზამი და ბელორუსი მიხაილი მოგვიანებით დაქორწინდნენ კიდეც და ტაშკენტშივე შექმნეს ბედნიერი ოჯახი.
უკვე წამოზრდილი შვილობილები შაახმედს სტუმრობენ
შაახმედი 1970-იან წლებში გარდაიცვალა - როგორც ყოველთვის, ბაღში მუშაობდა და იქ გაუსკდა გული.
შაახმედსა და მის გმირობას ძეგლიც დაუდგეს ტაშკენტში, რომელიც რასაკვირველია, ახლაც დგას.
განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო მათი უკრაინელი ნაშვილები ბიჭუნას - ფედია კულჩიკოვსკის ამბავი, რომელიც რიგით მერვე იყო, შაახმედის მიერ ნაშვილებ ბავშვებს შორის. ბიჭი ომამდე მაღაროელის ოჯახში დაიბადა. დედას ოქსანა ერქვა. მშობიარობას ბებია იღებდა, დარია ალექსეევნა და მან დაიმახსოვრა, რომ ბავშვს წითელი ხალი ჰქონდა.
ფედია 2 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, 1941 წელს - მამაც დაეღუპა. ბავშვს ბებია ზრდიდა. როცა გერმანელებმა შემოუტიეს და უკრაინა საფრთხეში იყო, ბებიას ურჩიეს, შვილიშვილი შუა აზიაში გაეხიზნა. თავიდან არ უნდოდა გაშვება, თუმცა დაარწმუნეს, რომ თუ გერმანელები აიღებდნენ სოფელს, მის შვილიშვილს გერმანიის გზას გაუყენებდნენ და მერე ვეღარც იპოვიდა.
ბებია დათანხმდა ევაკუაციას და ასე მოხვდა 5 წლის ფედია ტაშკენტის ბავშვთა სახლში. იქ დაუმეგობრდა უკრაინელ ბიჭ საშას, რომელიც შაახმედმა იშვილა. ბიჭები განშორებას ძალიან განიცდიდნენ, რა თქმა უნდა, ეს შაახმედმაც გაიგო და რამდენიმე დღეში ბავშვთა სახლში დაბრუნდა, რომ ფედიაც წაეყვანა.
რვა კლასის დამთავრების შემდეგ ფედია უზბეკეთში დარჩა საცხოვრებლად, რადგან არ იცოდა, სად და როგორ ეძებნა ბებია. ტაშკენტის ტექნიკუმში ჩააბარა, დიპლომი მიიღო და ყარაგანდში გაემგზავრა სამუშაოდ, სადაც დაქორწინდა კიდეც. წლების შემდეგ "მშობლიურ" ტაშკენტში დაბრუნდა, სადაც სამი შვილი გაუჩნდა. ერთ დღეს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ღვიძლი ბებია გამოჩნდა.
ფედია და მისი ნამდვილი ბებია
ფედია შოკში იყო, რადგან მისი შვილად აყვანის შემდეგ 45 წელი იყო გასული და არც კი ელოდა, რომ ბებია ისევ ცოცხალი იყო. დაუყოვნებლივ გაემგზავრა უკრაინაში.
დარია ალექსანდროვას შვილიშვილის პოვნაში ჟურნალისტი დაეხმარა, რომელმაც უზბეკური სკოლები ჩართო საქმეში.
რა თქმა უნდა, ბებიამ დანახვისთანავე იცნო შვილიშვილი წითელი ხალით. იმ მომენტში უკვე 104 წლის იყო - ეტყობა, შვილიშვილის გამოჩენის იმედმა აცოცხლა ამდენ ხანს. წელიწად-ნახევარი ბებია-შვილიშვილს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა, მერე კი ქალი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე გარდაიცვალა ფიოდორის დედობილი ბახრიც.
ოლგა ტიმონინა შთამომავლებთან ერთად
შამახმუდოვების ოჯახში აღზრდილი ყველაზე პატარა ბავშვი კი მოლდოველი ოლგა ტიმონინა იყო, რომელიც ახლა 84 წლისაა, ტაშკენტში ცხოვრობს და ღმერთს ყოველდღე მადლობას სწირავს, რომ ამ საოცარ ოჯახში მოხვდა და გადარჩა.