მაგრამ ბევრი სპეციალისტი სხვაგვარად ფიქრობს. მათი თქმით, COVID-19 მიეკუთვნება ვირუსებს, რომლებიც ლიპიდური შრით არის გარემოცული. მეცნიერების აზრით, ეთანოლი, ქლორგექსიდინი, ცეტილპირიდინი, წყალბადის ზეჟანგი და პოვიდონ იოდის ხსნარი, რომელიც შედის პირის ღრუში გამოსავლებ სითხეთა შემადგენლობაში, ხელს უწყობს ვირუსის გარსის დარღვევას და შემდგომ განადგურებას, ორგანიზმში მოხვედრის სტადიაშივე.
კვლევის ავტორები, რა თქმა უნდა, არ ასახელებენ გამოსავლები სითხეების კონკრეტულ ბრენდებს. მათი აზრით, ამ სითხეების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების შემდგომი შესწავლაც მიმდინარეობს და კვლავაც გამოაქვეყნებენ შედეგებს. სწორედ ამიტომაც მოუწოდებენ, რომ მათ მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის კლინიკური გამოცდა მალე დაიწყოს.
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-სტომატოლოგ პავლე ხუჯაძეს:
- ის, რომ ანტისეპტიკური სავლები გარკვეული ჯგუფის ბაქტერიებს და ალბათ ვირუსებსაც ანადგურებს, ნამდვილია, თუმცა:
ის მოქმედებს მაშინ, როცა ვივლებთ და გამოვლებიდან რაღაც პერიოდი. მაგრამ ასე სავლებით ხომ არ ვივლით ქუჩაში? ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზითაა გადამდები და შესაბამისად, არა მხოლოდ პირიდან, არამედ ცხვირიდანაც და თვალის ლორწოვანი გარსიდანაც არის შესაძლებელი. ეს სავლები კი მხოლოდ პირის ღრუსთვისაა. ვფიქრობ, იმუნიტეტის გამომუშავება უფრო კარგია, ვიდრე თავდაცვის სხვადასხვა, არც ისე უნივერსალური გზების ძიება. და კიდევ: ანტისეპტიკური სავლები არ არჩევს კეთილ და მავნე ბაქტერიებს, როგორც ანტიბიოტიკი და მისი უკონტროლოდ გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე, მხოლოდ ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს.