პანდემიის ფონზე საქართველოც ნელ-ნელა ხსნის დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა ყველაზე მეტად მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას ელოდება, რაც ჯერჯერობით გაურკვეველია კიდევ და ასევე დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი შეზღუდვა მანქანების მგზავრობაზე - მძღოლის გვერდით კვლავაც არ შეიძლება დაჯდომა და უკანაც მხოლოდ ორი მგზავრია ნებადართული. ეს კი განსაკუთრებით არაკომფორტულია ოჯახებისთვის, სადაც ერთზე მეტი ბავშვია და ძალიან ბევრისთვის, დიდი პრობლემების მომტანიც.
როგორც დედების ჯგუფში დაწერეს მშობლებმა, 11 მაისის შემდეგ ზოგიერთები რისკავენ და მცირეწლოვანი ბავშვებით მაინც მგზავრობენ - კანონდარღვევით. ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ყველას არც იმის საშუალება აქვს, ორ-ორი გზა აკეთოს რამდენიმე ბავშვის ერთი ადგილიდან მეორემდე გადასაყვანად, ან სულაც - ოჯახს სურს ერთად გავიდეს ქალაქგარეთ და ამის საშუალებაც არ არის, თუ ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია. ზოგიერთები იმაზეც კი მიდიან, რომ პატარა ბავშვებს სავარძლების უკან მალავენ. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის კომენტარს ამ თემაზე, შემდეგ კი - ოფიციალურ პასუხს.
არ აჯარიმებენ, 18 წლამდე ბავშვების გადაყვანა შეგიძლიათო, ასე აგვიხსნა პატრულმა. იქონიეთ საბუთი, რომ ოჯახი ხართ და ბავშვის დაბადების მოწმობა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და იმიტომაც ვაკეთებთ ახლა ორ გზას, რომ თბილისში ჩავიდე. რეგიონიდან ჩამოვედით თბილისში 10-ში და არავის არ გავუჩერებივართ. გუშინ ჩამოვიდა დასავლეთიდან ჩემი მეგობარი. ოთხნი იყვნენ, ორი ბავშვით. ორჯერ გააჩერეს, მაგრამ არ დაუჯარიმებიათ. დაბადების მოწმობები ჰქონდათ მაინც თან. ერთი კვირაა ვრეკავ 144-ზე და არაო. 3 წლის ტყუპი მყავს და ვერ გადაადგილდებითო 3-ზე მეტი მძღოლიანად. არ აქვს მნიშვნელობა, ტყუპი არიან სამი წლის თუ 1 კვირისო. პრემიერმა აღნიშნული შეზღუდვის შესახებ გარკვევით თქვა, არ მოხსნილაო. ნუ გარისკავთ მაინც. თუ ვინმე არ გააჩერეს, ეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენც არ გაგვაჩერებენ, ჩემმა ნათესავმა (პატრულმა) მითხრა, დაგაჯარიმებენო, რა ვიცი აბა, ვის დავუჯეროთ? ამიტომ არ ვრისკავ, ხვალ სოფელში მივდივარ და ერთ შვილს სახლში ვტოვებ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ცხელ ხაზზე გადამოწმება უკეთესი იქნება. ყველაფერს ასე ბუნდოვნად და გაურკვევლად რატომ აწესებენ? სანამ ჩამოვყალიბდებით და გავარკვევთ, რა გვეკრძალება და რა - არა, ამასობაში იმდენი დრო გავა, გაიზრდებიან ბავშვები და სრულწლოვანებიც გახდებიან. ცხელ ხაზზე ყველას მაგას ეუბნებიან, არ შეიძლებაო. პირდაპირ საპატრულოში უნდა დარეკოთ და უთხრათ... მე ორი ბავშვით ვიმგზავრე, მაგრამ არავის გავუჩერებივართ, პლუს მძღოლი და 3 ჩვენ. ჩავმალე უკან 2 ბავშვი. ერთი ოჯახის სამი წევრი შეიძლება, უკან რომ დასხდენო.... ეს პატრულის პასუხია. ტაქსით ჩამოვედით კახეთიდან, უკან მე, მეოღლე და ბავშვი ვისხედით, არავის არაფერი უთქვამს. სიცხე გაგვიზომეს და გაგვიშვეს. მე ვიმგზავრე ქობულეთი-ბათუმი. უკან ვიჯექი სამი ბავშვით, არავის არ გავუჩერებივარ. არ გარისკოთ, ეს რისკი 3000 ათასი ღირს, ვის რა მოუვა თავში, არავინ იცის, ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას არა! კახეთიდან წამოვედი 5 და 3 წლის ბავშვით, ასევე იჯდა მეუღლე. სიცხე გაგვიზომეს, სხვა არავის არაფერი უთქვამს. რომელი დამეტოვებინა, მარტო უფროსი თუ პატარა? ყველაზე დიდი სისულელე არის ეს!!! ერთი ოჯახის წევრები რომ ვართ, ვის გავაყოლო ჩემი შვილი დასავლეთში ამხელა გზაზე?! მე გამაჩერეს სამი დღის უკან. ჩემი რძალი და 3 ბავშვი მყავდა ჩასმული, მაგრამ არ დამაჯარიმეს. ბავშვების ხათრით გაგიშვებთო... ჩემი აზრით, სრული აბსურდია. 9 საათის მერე ჩემს უბანში მთვრალები დაბორიალობენ, ჩხუბობენ და ერთი ამბავი აქვთ. ეს შეიძლება და მე ჩემი ორი შვილით რომ ჩავჯდე ტაქსიში და სადმე გავიყვანო, ელემენტარულად, დედაჩემთან გავიდე, ეს არ შეიძლება. როგორც ხედავთ, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა და ადამიანები, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ, ფაქტობრივად რისკზე მიდიან, კანონს არღვევენ იმის იმედად, რომ გაუმართლებთ და სერიოზული თანხით არ დაჯარიმდებიან.
რასაკვირველია, აღნიშნული კომენტარების გათვალისწინებით, კვლავ გადავწყვიტეთ გადამოწმება ოფიციალურ უწყებებში.
"დადგენილებით მგზავრთა ასაკი განსაზღვრული არ არის. ნებისმიერი ასაკის პიროვნება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, მგზავრად ითვლება. ქვეყნის მასშტაბით უამრავი პატრულია და ზოგჯერ შესაძლოა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ითვალისწინებდნენ მგზავრთა საჭიროებებს. მაგრამ, დადგენილებით არაფერი შეცვლილა, პატრულს სრული უფლება აქვს, მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში, ის გააჩეროს და დააჯარიმოს", - განგვიცხადეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.
დავინტერესდით, თუ შესაძლებელია საშვის მეშვეობით მსუბუქი ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება:
"ფიზიკურ პირებზე რაიმე ტიპის გამონაკლისი არ გაიცემა, გამონაკლისებია ორგანიზაციები, რომლებსაც მერიასთან ხელშეკრულება აქვთ და გადაჰყავთ თანამშრომლები, მაგალითად ავტობუსებით, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაზღვრულია დაჯდომისა და სხვა წესები", - აღნიშნეს ცხელ ხაზზე.
მოქალაქეების მიერ აღნიშნული ფაქტების გადასამოწმებლად, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც მივმართეთ, სადაც ამბობენ, რომ შემთხვევები შესაძლოა ინდივიდუალურად მოხდეს, მაგრამ დადგენილებით არაფერი იცვლება. პატრულს აქვს უფლება, მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში, დააჯარიმოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" თანადამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აპროტესტებს აღნიშნულ კანონს და გამოდის ასევე ინიციატივით, რომ მშობლებმა, რომლებსაც სერიოზული პრობლემები ექმნებათ ამ შეზღუდვით, კამპანიაც კი წამოიწყონ: "ორი და მეტ შვილიანმა ოჯახებმა ასეთი კამპანია რომ წამოვიწყოთ? "ჩვენ არ ვართ ორი მანქანა ხალხი" - #ჩვენოჯახივართ, ან უფრო მკვახედ. ავტვირთოთ მანქანაში გადაღებული ფოტო 2 ან მეტი ბავშვით და მივაწეროთ: #ნუგვაიძულებთკანონდარღვევას. იქნებ, ასე მაინვ გაიგონ ზევსებმა ზევით".
მეგი კავთუაშვილი:
- მშობლები ველოდით რომ მანქანაში სამკაციანი შეზღუვა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი იქნებოდა. თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო მთავრობამ ეს შეზღუდვა ძალაში დატოვა. იმ პირობებში, როცა ტრანსპორტი არ დადის, ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება მაინც შეეძლოთ. ეს შეზღუდვა 2 და მეტ შვილიან ოჯახებს კანონდარღვევისკენ უბიძგებს. თუ ასე არ მოიქცევიან, უფრო მძიმე რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. გაზაფხული ბავშვებმა სახლებში გამოკეტილებმა გაატარეს, ექიმებს თუ ჰკითხავთ, დაგიდასტურებენ, რამდენმა მიაკითხა უკვე D ვიტამინის დეფიციტის გამო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოჯახებს მიეცეთ გადაადგილების უფლება და ეს არ ხდებოდეს კანონდარღვევის ხარჯზე. მე არ მსურს, ჩემს შვილებს ვასწავლო, რომ კანონი უნდა დაარღვიოს. არც ის მინდა, მუხლებთან ჩავმალო პატრულის დანახვაზე. არ მინდა, ჩემს შვილს პატრული და პოლიცია მისი მტერი და მოწინააღმდეგე ეგონოს და ეშინოდეს. ვასწავლი, რომ ჩვენ და კანონი ერთ მხარეს ვდგავართ. კანონი ჩვენს დასაცავად არსებობს.
მშობლებს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება, რომელი შვილი წაიყვანონ. ეს აბსურდია. ითრგუნებიან ბავშვებიც და მშობლებიც. მით უმეტეს, ამის საჭიროება აღარ არის, რადგან ვხედავთ რიცხვებს და ვხვდებით, რომ მთელ მსოფლიოში და საქართველოში ეპიდსოტუაცია გაუმჯობესდა. დროა, მთავრობა დაფიქრდეს ამაზე და გააუქმოს აბსურდული შეზღუდვა.
არსებობს ჭორი, რომ პატრულის თანამშრომლებს შიდა ბრძანება აქვთ, არ დააჯარიმონ ბავშვიანი მგზავრები. მაგრამ ეს არანაირი გარანტია არ არის, რომ არ დაგაჯარიმებენ. ამის გარდა, თუ ეს ბრძანება მართლაც არსებობს, მაშ გააზრებული ჰქონიათ შეზღუდვის აბსურდულობა. მით უმეტეს, მაშინ რატომ არის ეს შეზღუდვა, გაუგებარია.
თამარ იაკობაშვილი