ლევან რატიანი ახლა უჩინარ მტერთან ბრძოლის პირველ ხაზზეა. ჩვენ ამ ბრძოლისას გავიცანით, თუმცა მის ბიოგრაფიაში, 2008 წელს ნამდვილი ომიც ყოფილა, ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. გოგონა, რომელიც მასთან ერთად თეთრხალათიანი მებრძოლი იყო, დღეს მისი მეუღლეა და სამ შვილს ერთად ზრდიან. დანარჩენს კი ლევან რატიანის დედა, მარინა გვასალია მოგვითხრობს.
- ლევანის ბაბუა და დიდი ბაბუა ექიმები იყვნენ. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმა გააგრძელეს. ლევანი სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, ბებიამისმა მისი დანახვისთანავე თქვა, ექიმი უნდა გამოვიდესო. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია, ყველა ბალიში ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი.
- მის თვისებებზე რას გვეტყვით, ლევანი რით არის გამორჩეული?
- საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან მიძნელდება.
- რატომ?
- ძალიან კარგი შვილია, კარგი ადამიანია და ეს ყველაფერი რომ ვილაპარაკო, მისი ქება გამომივა. რადგან მთხოვთ, უნდა გიპასუხოთ. ლევანი არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, საოცრად მიზანდასახული და მშრომელი. ჩვენ პატარა ფოთში ვცხოვრობთ, ახლა გელაპარაკებით და ვუყურებ ხეებს, რომლებიც პატარა ლევანის დარგულია...
შვილმა დედა რომ გაგაბრაზოს ან უნებლიეთ რაღაც გაწყენინოს, ხომ ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა? ლევანისგან მსგავსი ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება. დაზე თითქმის 6 წლით უფროსია. თამუნა სკოლიდან რომ მოვიდოდა, თამაშს თუ დაიწყებდა, დაუძახებდა, - ჯერ გაკვეთილები არ მოგიმზადებია და როგორ თამაშობო?!. თამუნა დღეს პედიატრია და ეს ლევანის დამსახურებაა. თავად საოცარი დისციპლინით გამოირჩეოდა. ფოთის მეორე გიმნაზია დაასრულა. საღამოობით მეტყოდა ხოლმე, - მოდი, გაკვეთილები ჩაგაბაროო. - ვიცი, გეცოდინება, ხომ იცი, გენდობი-მეთქი, ვუპასუხებდი. მის დღიურებს დღემდე ვინახავ. 4-იანს თუ მიიღებდა, შინ ატირებული ბრუნდებოდა და მსაყვედურობდა, შენი ბრალია, შენ მითხარი, იცი, თორემ კიდევ წავიკითხავდიო. მოსიყვარულე და მზრუნველია. აქვს უნარი, ყველას ტკივილი გულთან მიიტანოს, ექიმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, დღეს ასეთი წარმატებული რომ არის.
- მის პირდაპირ ჩართვებს რომ უყურებთ, რა განცდა გეუფლებათ?
- ვაიმე, ეგ არის, რაც არის, არ ვიცი, რას შევადარო. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური წუთებია.
- ნერვიულობთ?
- ძალიან. რამდენჯერმე ვუთხარი, კორონას თუ გადავურჩი, შენ მომკლავ-მეთქი. ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ლაპარაკობს, გული მიჩერდება.
- შენიშვნებს ან რჩევებს აძლევთ?
- არა, იმიტომ, რომ ვიცი, მერე ინერვიულებს, განიცდის.
- შეყვარებული ლევანი - ამ თემაზე რას გვეტყვით? ცნობილია, რომ მისი მეუღლეც ექიმია.
- დიახ. გვანცა არაჩვეულებრივი გოგოა. 3 შვილს ზრდიან, ეს ადვილი არ არის. 2008 წლის ომში ლევანი და გვანცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობდნენ. განაგრძეთ კითხვა