4 წლის ლიკუნა ტურიაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის ექიმის როლშია და "პაციენტის" გასასინჯად მიდის. როლს ძალიან კარგად ასრულებს, მით უფრო იცის პროფესიისათვის დამახასიათებელი არაერთი მნიშვნელოვანი ტერმინი თუ ფაქტი. როგორც ბავშვის დედა, თეონა მაისურაძე, გვიყვება, ლიკუნა ძალიან აქტიური ბავშვია, უყვარს სამზარეულოში დედის დახმარება და თამაში. მის შესახებ ის უფრო ვრცლად გვიამბობს:
- ზოგადად, ძალიან უყვარს პროფესიების მორგება. ხშირად მასწავლებელია, ხან - დიეტოლოგი, ვიზაჟისტი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიდეოს, ბაღში ჰქონდა დავალება, რომ უნდა აერჩია პროფესია და მისი როლი მოერგო. ძალიან ყურადღებიანი ბავშვია. სხვის მოქმედებასა და საუბარს ყურადღებას აქცევს და ადვილად ითვისებს. მგონია, რომ მსგავსი ტერმინები პედიატრისგან აითვისა და შემდეგ თამაშში გაიმეორა.
- მშობლები ხომ არ ხართ სამედიცინო სფეროში და ესეც ხომ არ ახდენს გავლენას ბავშვზე?
- არა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა ვარაუდი, რომ ბავშვს დედა ჰყავს პედიატრი და ამიტომ იცის მსგავსი თემებიო. თუმცა, ჩვენ არ ვართ ექიმები.
- ელოდით, რომ ვიდეოს ამხელა გამოხმაურება ექნებოდა?
-ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი იმიტომ, რომ მიჩვეული ვარ ლიკუნას მსგავს თამაშებს. ძალიან ბუნებრივია ის, რაც გააკეთა, წინასწარ დადგმული არ არის. თბილი ბავშვია, ქუჩაში ბავშვებს რომ ხვდება, უნდა, რომ ყველას ხელი მოჰკიდოს და მოეფეროს. დიდი ადამიანის როლსაც ხშირად ირგებს და ხშირადვე აცინებს გარშემომყოფებს.
- უამრავი დადებითი კომენტარი დაიწერა ვიდეოზე, უარყოფითი გამოხმაურებაც ხომ არ მოჰყოლია?
- ძალიან ბევრი კომენტარია, უამრავი ადამიანი გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს ლიკუნას მიმართ. ერთადერთი რაც შემხვდა, არის ის, რომ ადამიანები გვირჩევენ, ნამდვილი თერმომეტრი არ დავაჭერინოთ ბავშვს ხელში.
- თამაშით აღზრდის პროცესი რამდენად გეხმარებათ ლიკუნასთან ურთიერთობაში?
- ძალიან მეხმარება. მარტო ლიკუნა მყავს და ხშირად მიწევს მასთან ერთად თამაში. წარმოსახვითი მეგობრებიც ჰყავს. მეც უნდა მოვირგო ბავშვის, დედისა და სხვადასხვა ადამიანის როლი. ვფიქრობ, რომ ბავშვთან დიდი ადამიანი ბავშვი უნდა იყოს და უნდა გაითავისოს ნებისმიერი დადებითი როლი. უფროსებმა ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ გაერთონ და არ იყვნენ მოწყენილები. ჩვენ ერთად ვაფერადებთ, თოჯინებით ვთამაშობთ, ერთად ვმღერით და ვცეკვავთ. რაც შემიძლია ყველანაირად ვცდილობ, რომ ავყვე.
Video პატარა ლიკუნას კარაოკე
თამარ იაკობაშვილი