კეიტ ფაიფერი ყოველთვის ოცნებობდა, ცნობილი სახე გამხდარიყო. სამწუხაროდ, პოპულარობა მას სულ სხვა რამემ მოუტანა - ის ყოფილი ბოიფრენდის მსხვერპლი გახდა, რომელმაც სახეზე მჟავა შეასხა... დღეს კეიტი 36 წლისაა და მშობლიურ ბრტანეთში ნამდვილი ვარსკვლავია.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები უბრალო მოხელეები იყვნენ, გოგონამ იცოდა, რომ რაღაც მეტისთვის იყო დაბადებული და ცხოვრებაში ბევრისთვის უნდა მიეღწია.
20 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გაემგზავრა, რათა შოუ-ბიზნესში კარიერა დაეწყო. მას წარმატების ყველა შანსი ჰქონდა - კასტინგებზე პროდუსერებს ყოველთვის მოსწონდათ მისი კანდიდატურა.
"ვფიქრობდი, რომ ჩემი გზა, ჩემი ადგილი ვიპოვე, ყველაფერი გამომდიოდა", - იხსენებს კეიტი ამერიკულ გამოცემა Harper's Bazaar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
2008 წელს კი მოდელის ცხოვრებამ გეზი საშინელი მიმართულებით იცვალა - ის უბრალოდ, ქუჩაში მიდიოდა, როცა უცნობი მიუახლოვდა და სახეში მჟავა შეასხა.
მოგვიანებით დამნაშავე მისი ყოფილი შეყვარებულის, სპორტსმენ დენიელ ლინჩის მეგობარი აღმოჩნდა.
იმ საღამოს დენიელმა გოგონა პაემანზე დაპატიჟა, რათა წარსული შეცდომები გამოესწორებინა.
ფაიფერმა მიპატიჟება მიიღო, რაც ძალიან უცნაური ჩანს, რადგან მანამდე დენიელმა ცემა და გააუპატიურა გოგონა. კეიტი საავადმყოფოში მოიყვანეს გონს, თუმცა შიშის გამო მაშინ მოძალადის ვინაობა არ გაამხილა...
ლინჩთან ურთიერთობის დაწყებამდე ისიც იცოდა კეიტმა, რომ ნასამართლევი იყო და მათ შორის, სახეში მდუღარის შესხმის საქმეზეც.
დენიელმა მეგობართან ერთად შეადგინა კეიტის სამუდამო დამახინჯების გეგმა. ფიქრობდნენ, რომ თავიანთი ზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალებოდნენ, თუმცა საშინელი გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა - ბოროტმოქმედები დააკავეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს.
კეიტმა 12 დღე კომაში გაატარა...
3 თვე საავადმყოფოში იწვა. ქირურგებმა სახის დაზიანებული ქსოვილები მოაშორეს და ხელოვნური ანალოგი გადაუნერგეს. გოგონა ცალი თვალით დაბრმავდა. თავიდან საკუთარი თავის სარკეში ყურება არ შეეძლო, თუმცა მისმა შეუპოვარმა ბუნებამ თავიდან მისცა ცხოვრების დაწყების ბიძგი.
"რაკი მე შევიცვალე, გადავწყვიტე სამყაროც შემეცვალა ირგვლივ", - ამბობს ყოფილი მოდელი.
თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ ბრიტანულ ტელეარხებზე დოკუმენტური ფილმი "კეიტი: ჩემი ლამაზი სახე" გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მისი გმირი კეიტ ფაიფერი გახლდათ.
კეიტი პირველი რამდენიმე ოპერაციის შემდეგ
მისმა ამბავმა ქვეყანა შეძრა. ამის შემდეგ გოგონამ დაარსა ფონდი, რომელიც დამწვრობითი ტრავმებით დაზარალებულ პაციენტებს ეხმარებოდა. ფონდი იმდენად გაძლიერდა, რომ 2019 წელს ბრიტანეთში დამწვრობისა და ნაიარევების მკურნალობის პირველი ცენტრი დააარსა. 300-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა, რომ კანი აღდგენილიყო, თუმცა სახეზე ახლაც ბევრი მაკიაჟი უსვია, რომ ნაიარევები დაფაროს.
კეიტი ქველმოქმედებით არ დაკმაყოფილდა. ის წიგნებს წერს მსგავს თემატიკაზე, მონაწილეობს ტელეგადაცემებში, აქვეყნებს პოდკატებს "არაჩვეულებრივი ადამიანები" და ამით უამრავ ადამიანს ცხოვრების სტიმულს აძლევს.
პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი აეწყო. მან ცხოვრება უბრალო დურგალს, რიჩარდ სატიონს დაუკავშირა.
"ძალიან ბევრი ოპერაციის გადატანა მომიხდა, ვთხოვდი, კარგად დაფიქრებულიყო, ნამდვილად სურდა თუ არა ჩემთვის ცხოვრების დაკავშირება. მას მერე აღარც დავშორებივართ ერთმანეთს", - ამბობს ღიმილით კეიტი.
წყვილი 2015-ში შეუღლდა და ორ ქალიშვილს - 5 წლის ბელს და 2 წლის პენელოპას ზრდის.