მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში 26 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ეხმაურება და ემოციურ პოსტს უძღვნის.
შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;
გულით რომ მდომოდა, ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი, ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;
ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...
არც მახსოვს, ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა...
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია...
არც მკვლელისთვის...
"ჭირი მართალსო'' - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა, ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.
ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...