„ველოდებით რეკომენდაციას. მე გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.
„ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა - ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი (ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დაჯდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება.
თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით განგვიმარტეს, 15 ივლისი არის დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ისევე როგორც მოხდა ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის გახსნა, მოიხსნა საკარანტინე ზონები, ან შეზღუდვა ავტომანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე და ა.შ.
შესაბამისად, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს - როგორც კი ტრანსპორტის ამოქმედება გადაწყდება, დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შევა.