ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“,- განაცხადა ჭკადუამ.
ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ჩოგბურთელის ადვოკატის დეტალებზე არ საუბრობს.
„მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას გირაო შეეფარდა და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმროს. დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს, მასთან არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ამის მტკიცებულებებიც საქმეში არ არსებობს. რა თქვა პროკურატურამ, არ მაინტერესებს. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან და ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ“ , - განაცხადა ჭკადუამ.
ცნობისთვის, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით.
"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა