ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი. როგორ მისმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა რუსთავი ორთან საუბრისას აღნიშნა, მიზეზი ქონებრივი დავა არ ყოფილა.
"ქონებრივი დავა ამ ინციდენტთან არავითან კავშირში არ ყოფილა. ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ მორიგებით დავასრულეთ. თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დღემდე გაურკვეველია ჩემთვის მიზეზი. უბრალოდ ჩემს შვილს მივაკითხე... არ ვიცი, რა მოუვიდა ჩემს დანახვაზე. მთვრალი იყო თუ არ ვიცი, რა სჭირდა. გამოგვეკიდა მე და ბავშვს, ხელში რაღაც ეჭირა ტარით, ამბობს, რომ გიტარა იყო. მე ვერ ვადასტურებ, ნაჯახი მეგონა. კარგად არც მახსოვს, ისეთ აფექტში ვიყავი, თან ბავშვი მეჭირა. გამოვიქეცი. დეტალებს ვერც ვიხსენებ. მამაც გამომეკიდა რაღაც საგნით..." - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოდელ ნეკა დოროყაშვილზე 21 წლის ასაკში იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნო, შემდეგ ინტერნეტით განაგრძეს ურთიერთობა. შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტეს.
ნიკოლოზს სპორტის გამო დიდი ხნით უწევდა მეუღლესთან განშორება.
„ასეთია სპორტი. მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა" ამბობდა ნიკოლოზი ერთ-ერთ ინტერვიუში.
"მე და ნიკა წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია"ბორშჩი, ტკბილეულიდან "ცხელი ბრაუნი" გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო" - აცხადებდა ნეკა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ
ინტერვიუში. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.