მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება
მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია და ეს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მოგვიწია მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მიკროავტობუსები, მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო რამდენიმე ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის
ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგიც სახეზეა, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. თუმცა, ჩვენ ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია. არავითარ შემთხვევაში, თვითმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია, რომლზეც არის საუბარი.

დღეს სიახლე მინდა მოგახსენოთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება. საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ზეგიდან, 29
მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები აღდგება და დაიწყებს მუშაობას, მოემსახურება საზოგადოებას. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ შეჩერდა დროებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები მიმართული იყო ზუსტად იმისთვის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დაგვეცვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც საზოგადოებრივი ტრანსორტის გახსნას უკავშირდება, როგორც მოგახსენეთ, ზეგიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია და ეს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“,-განაცხადა კალაძემ.
210
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი