მარეხ ბენდელიანი ლენტეხში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. 7 შვილი ჰყავს. გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი დედაა, ასევე ასწრებს მუშაობას - "სახალხო აფთიაქის" მენეჯერია ლენტეხის ფილიალში და კიდევ უფრო გაგაოცებთ ის, რომ მებაღეობაც გამოსდის და ეხერხება და მშვენიერი ბაღი მოაწყო ეზოში.
- ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არანაკლებად მიყვარს მებაღეობა ეზოში მოწყობილი მაქვს პატარა ბაღი. 5 წელზე მეტია ამ ბაღს ვუვლით მე და ჩემი მული, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ყვავილები, თუმცა დარგვა, მოვლა ძირითადად ჩემი საქმეა. ზოგადად ძალიან მაინტერესებს დეკორატიული მებაღეობა, დიზაინი და მცენარეები.
ჩემს ბაღში იზრდება ზამბახები, სხვადასხვა ფერის შროშანები, ჰოლანდიური ტიტები, დრაცენა, ფიკუსის პალმა, ჯუჯა ბროწეული, პრიმულა, სამფერა ია, იორდასალამი, ჰორტენზია, ქრიზანთემა, ვარდები და ა.შ.
მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ სწორად აღვზარდოთ შვილები, მივცეთ განათლება. არჩევანში გეგმაზომიერად თავისუფლებას ვანიჭებთ მათ. შრომასაც ვაჩვევთ. ხან გამოგვდის, ხან არა, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი ადამიანები გაიზრდებიან.
დროის განაწილება თანაბრად არ გამოდის. შეიძლება სიყვარული თანაბრად გაუნაწილო, მაგრამ დრო - არა. პატარები მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვენ. უფროსები უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ და თუ დრო აქვთ, მეც მეხმარებიან. ახალი თაობა ცოტა რთული, ჯიუტი და ჰიპერაქტიურია, ამიტომ მათ მეტი დრო და ნერვებიც სჭირდებათ. მადლობა ღმერთს, მშვიდი ვარ და დიდხანს მოთმენაც შემიძლია, მაგრამ თუ გავგიჟდი (იცინის), ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ჩემი აზრით, არ უნდა აშინებდეთ მშობლებს მრავალშვილიანობა. როგორც უკვე გითხარით, უფალი გვაძლევს ყველაფერს, რაც ბავშვის გაზრდასა და აღზრდას სჭირდება. ცოტათი ჩვენც უნდა დავიტვირთოთ თავი და ყველაფერი კარგად იქნება. იხილეთ მარეხის მიერ მოწყობილი ბაღის ფოტოები