ნათია, 29 წლის:
- ოჯახი რომ დამენგრა, 22 წლის ვიყავი. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ჩემს ქმარს იმდენი წელი როგორ გავუძელი, არ ვიცი. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, ნარკომანი. არ ვიცი რას ვფიქრობდი, ცოლად რომ მივყვებოდი, ძალიან სიმპათიური იყო და ალბათ მისი გარეგნობით მოვიხიბლე. ბავშვი რომ გაგვიჩნდა, ვითომ იმკურნალა, მაგრამ მერე სმაზე გადაერთო. გალოთდა, კვირების განმავლობაში გადაბმულად სვამდა და ეძინა. მისი მშობლები გვარჩენდნენ. ბოლოს ჩემი ქმარი ისე გადაირია, მე ხომ მცემდა და ბავშვსაც უხეშად ექცეოდა. ბავშვი მამამისის დანახვაზე ტიროდა, ისე ეშინოდა. ბოლოს დედაჩემმა მითხრა, თუ იმიტომ არ მოდიხარ მაგ კაცისგან, რომ გიყვარს, კარგი, მაგრამ ბავშვს რაღას ერჩი, შვილი არ გეცოდებაო?! ალბათ ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არა, ვერც ვერასდროს წამოვიდოდი ჩემი ქმრისგან. გვერდში დამიდგნენ და ოფიციალური განქორწინებაც სულ მალე გავაკეთე. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. დავისვენე. ღამე იმის შიშით არ ვიძინებდი, ქმარი სახლში რომ დაბრუნდება ან მე არ მცემოს, ან ბავშვი-მეთქი. ის უფლებას არ მრთავდა სამსახურში მევლო და რომ გავცილდით, მუშაობა დავიწყე. ჯერ ძალიან მცირე ხელფასი მქონდა, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ კარგი შემოსავლი მაქვს. არაფერი აკლია არც ჩემს შვილს და არც მშობლებს.
- „რა“ კი არა, „ვინ“! ლაშას დედას არ მოვწონვარ. უფრო სწორად, ის არ მოსწონს, რომ მისი შვილი განათხოვარ და შვილიან ქალზეა შეყვარებული. რამდენჯერმე ვყავარ ნახახი, გარეგნობით მოვწონებივარ, ხასიათითაც არ არის ცუდი გოგოო, თავისი შვილისთვის უთქვამს, მაგრამ მაინც სანდო არ ჩანსო. არ ვიცი, ამ სიტყვებში რას გულისხმობს. ლაშა თავიდან ხშირად ლაპარაკობდა დაოჯახებაზე, ერთი სული მაქვს, ყველანი ერთად როდის ვიცხოვრებთო, მაგრამ ახლა დაოჯახება კი არა, ურთიერთობასაც გაურბის. დედამისი რომ იგებს, ლაშა ჩემთან მოდის, ხან გული სტკივდება, ხან თირკმელი, ხან ნაღვლის ბუშტი, მოკლედ, ყველანაირად ცდილობს სახლიდან არ გამოუშვას. ცალკე ცხოვრების პერსპექტივაც არ არსებობს, ლაშა სულ იმას ამბობდა, დედაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, ჩემ გარდა არავინ ჰყავსო. ეს მართალიცაა, ქმარი ადრე დაეღუპა და ქალიშვილი თავის ოჯახთან ერთად კიევში ცხოვრობს.
ლაშაზეა მოკერებული და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა საერთო ნაცნობმა გამიმხილა, რომ ლაშას ჩემამდე ორჯერ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა და ორივეჯერ ის ქალები დედამისის გამო მიატოვა. ისინი გათხოვილები არ ყოფილან და არც შვილი ჰყოლიათ, მაგრამ ერთს გარეგნობა დაუწუნა და მეორეს ოჯახისშვილობა. არადა, მეც და ჩემი შვილიც ისე შევეჩვიეთ ლაშას, არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიქნებით. ლაშას მიმართ რასაც ვგრძნობ, ეს შეჩვევაზე მეტია, მიყვარს და ნებისმიერი გზით ვიბრძოლებდი მისთვის, მაგრამ დედამისს ვებრძოლო?! ერთხელ ვცადე იმ ქალთან დალაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პირდაპირ მითხრა, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა, პირდაპირ გეტყვი, შენთვის არ მემეტება და შენ მისი ცოლი ვერასდროს გახდებიო. არადა, მინდა ლაშას ცოლი გავხდე, მისგან მეორე შვილი გავაჩინო, მაგრამ აბა, როგორ?! ვიცი, ბედნიერების უფლება მაქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანის დედა ამაში ხელს მიშლის. ლაშა დედამის ვერ „გადაახტება“ და ვართ ასე გაურკვევლად, დაბნეულები, მომავლის გარეშე...