"ძალიან გამიმართლა, რომ მყავს დედამთილი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და მეხმარება" - მრავალშვილიანი პროკურორი დედის საინტერესო ცხოვრების წესი - მშობლები

"ძალიან გამიმართლა, რომ მყავს დედამთილი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და მეხმარება" - მრავალშვილიანი პროკურორი დედის საინტერესო ცხოვრების წესი

2020-06-03 05:26:31+04:00

38 წლის ნანა ხუნჯუა საკმაოდ სერიოზული საქმით არის დაკავებული - პროკურორია. ამავდროულად 4 შვილის დედაა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ასწრებს თავის პატარა ქალაქგარეთა სახლის ეზოს მოვლა-გალამაზებას ისე, რომ ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო.

- 4 შვილის - 4 გოგონას დედა ვარ. 11, 7, 6 წლისანი არიან და ნაბოლარა არის წლი-ნახევრის. მიუხედავად იმისა, რომ ვითვლები მრავალშვილიან დედად, ვახერხებ მუშაობასაც, საჯარო სამსახურში. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ... საკმაოდ მძიმე და საპასუხისმგებლო სამსახურია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს,

მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ვუთავსებ ჩემს საყვარელ საქმიანობას - მებაღეობას. ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანს რაც უფრო მეტი საქმე და საზრუნავი გაქვს, მით მეტს ასწრებ. მთავარია დროის სწორად გადანაწილება და საქმის ორგანიზება. თუ რამის გაკეთება ადამიანს გულით უნდა და სიამოვნებს, მაინც გამონახავს დროს ამისთვის. მაგალითისთვის, ჩემი ბაღის ყვავილებისა და ბუჩქების აბსოლუტური უმრავლესობა ღამის საათებში მაქვს დარგული, როცა სამსახურიც მოლეულია და ბავშვებიც დაძინებული მყავს. ასევე მორწყვაცა და მოვლაც ძირითადად ღამით, სიბნელეში მიწევს ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენ სიამოვნებას მანიჭებს, არ მეზარება, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო. რაც შეეხება მებაღეობას, ამ საქმით პირველად დაახლოებით 7 წლის წინ "მოვიწამლე“ შეიძლება ესეც ითქვას და მას მერე ყოველდღე უფრო და უფრო მიზიდავს და მხიბლავს. თავიდან მხოლოდ ყვალილების ბაღი მქონდა, მერე უკვე ბოსტანიც დავამატეთ და ყოველწლიურად ვაფართოებ ჩემს ცოდნასაც და ბოსტნეულისა თუ ყვავილების სახეობებსაც.

mshoblebi

7 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს შეგვეძინა პატარა სახლი ეზოთი, რათა ბავშვებს ჰქონოდათ სოფლისმაგვარი გარემო დასასვენებლად. ჩვენი 2-კვირიანი შვებულებები ნამდვილად არ იყო საკმარისი ბავშვებისთვის. გვინდოდა პატარა სახლი ეზოთი, ისეთ ადგილას, საიდანაც შევძლებდით თბილისში სამსახურებში სიარულს. თავიდან მხოლოდ ზაფხულობით, არდადეგებზე გადავდიოდით ხოლმე აქ საცხოვრებლად, ახლა უკვე თითქმის მთელი წელი აქ ვართ. ვფიქრობთ საბოლოოდ გადმოსვლას საცხოვრებლად, როგორც კი მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა, ბავშვების სკოლასა და ბაღში ადვილად ტარება რომ შევძლოთ. ბევრად უკეთესია ეს გარემო, ვიდრე შუაგულ თბილისში მანქანების მტვერში ცხოვრება, ქალაქისკენ გახედვაც აღარ მინდა.

- მრავალშვილიანი დედა ხართ. ალბათ არ არის ადვილი მათი აღზრდა, ეს დიდ დროსა და ნერვებს მოითხოვს. როგორ ახერხებთ? მით უმეტეს, რომ თან აქტიურად ხართ დაკავებული, მუშაობთ და ამ ყველაფერთან ერთად, ამ ეზოს ასე მოწყობაც მოახერხეთ. გეხმარებათ ვინმე?

- კი, გეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო. ასევე ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს დედამთილი, რომელიც ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ის ძალიან მეხმარება ბავშების გაზრდაში. რომ არა ის, ალბათ ასე მარტივად ვერ შევძლებდი, რომ თან წარმატებული კარიერა მქონოდა და თან 4 შვილისთვის მიმეხედა. ვცდილობ, რომ ის დრო, რომელიც სამსახურის გამო ბავშვებთან არ ვარ, ავანაზღაურო იმით, რომ შაბათ-კვირას და საღამოს რაც კი თავისუფალი დრო მაქვს, მათ მივუძღვნა და მათთან ერთად გავატარო. ის დეფიციტი, რაც აქვთ ჩემთან მიმართებაში, შევუვსო. ასევე საოჯახო საქმეების კეთებისას, საყიდლებზე სიარულისას სულ ჩემთან არიან. მაგალითისთვის დაუთოების დროს ყოველთვის გვერდით მყვანან და თან ვასუბრობთ. ასევეა ყვავილების მოვლის დროსაც. როცა რაიმეს ვრგავ, ან ვრწყავ, მომიცუცქდებიან გვერდით და ვსაუბრობთ, რადგან არც ერთი საქმე არ არის დაკავშირებული გონების დატვირთვასთან. ასე რომ, შეგვიძლია ასეთ საქმინობას შევუთავსოთ ბავშვებთან ურთიერთობაც. თან ერთად ვართ და თან საქმეს ვაკეთებთ.
იხილეთ გაგრძელება და ფოტოები