მათ "ეშმაკის შთამომავლებს" უწოდებდნენ, მათი ეშინოდათ და ზოგს ახლაც ეშინია. პირველი ბავშვი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადა, იხსენებს, თუ როგორ რეაგირებდნენ ადამიანები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიღწევებზე.
10 ნოემბერს, ორმოცი წლის წინ, შეიქმნა პირველი კვერცხუჯრედი, რომელიც სპეციალურ სინჯარაში ხელოვნურად განაყოფიერდა და ქალის საშვილოსნოში გადაინერგა. სასწაული მოხდა - ემბრიონი განვითარდა და 38 კვირის შემდეგ გოგონა დაიბადა, რომელსაც მშობლებმა ლუიზა დაარქვეს. მისი მეორე სახელია ჯოი (ინგლისურად "სიხარული"). ეს ყველაფერი კი ექიმმა ფიზიოლოგმა რობერტ ედვარდსმა შეძლო და უნაყოფო წყვილს, ლესლი და ჯონ ბრაუნებს, ნანატრი შვილი შეეძინათ.
ლუიზას პირველი დაყვირება
ლუიზას დაბადებამ საზოგადოებაში დიდი გაოცება და კამათი გამოიწვია. რელიგიური ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ადამიანის ხელით შექმნილი ბავშვი კი მერი შელის რომანიდან ფრანკენშტეინს შეადარეს. ეუბნებოდნენ მშობლებს, რომ მათ ქალიშვილს სული არ ექნებოდა და კიდევ ძალიან ბევრ რამეს.
ლუიზა მოგვიანებით იხსენებდა, თუ რამხელა სიძულვილის ტალღა დაატყდათ მას და მის მშობლებს საზოგადოების მხრიდან. ლესლი და ჯონი ყოველთვიურად იღებდნენ ათასობით წერილს. მათი ნაწილი წითელი სითხით იყო დასვრილი. იღებდნენ ასევე პლასტმასის ემბრიონებსა და მილებს, ამას თან ერთვოდა მუქარის შემცველი უამრავი წერილი.
"ერთხელ ამანათი მივიღეთ, რომელსაც ეწერა: "ლუიზა ბრაუნი, საცდელი ბავშვი ბრისტოლში, ინგლისში." კონვერტი სან-ფრანცისკოდან იყო გამოგზავნილი. დედამ როდესაც გახსნა, ნახა, რომ შიგნით სტიკერი იყო ბავშვის ფეხის ანაბეჭდებით და ეწერა: "საცდელი ბავშვი".
დედამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო კიდევ ერთი წერილი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ჩემი დაბადების ფაქტი აინტერესებდათ. მაგრამ, როდესაც ბოლომდე გახსნა, დაინახა, რომ შიგნით წითლად შეღებილი წერილი იყო და ეწერა "საცდელი ბავშვის გარანტია". წერილში ბევრი კითხვა და პასუხი იყო, მაგალითად, ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვი უნიტაზში ან აკვარიუმში უნდა ინახებოდეს." - ამბობს ლუიზა.
ფაქტი უფრო მტკივნეული იყო იმიტომაც, რომ მსგავსი შინაარსის წერილები და მოწოდებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ბუნებრივია, ლესლი ბრაუნისთვის მსგავსი წერილები შეშფოთებას იწვევდა და ბავშვთან ერთად სეირნობის დროსაც კი ირგვლივ იყურებოდა, რომ თავს არავინ დასხმოდა. ლუიზა, რომელიც თავად უკვე ორი შვილის დედაა, თვლის, რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ამბავი პრესაში რომ არ გავრცელებულიყო.
"დედა ასევე იღებდა წერილებს იმ ქალებისგან, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი, ახალი ზელანდიიდან, სწერდა უამრავ ოპერაციასა და მკურნალობის კურსზე, რომელიც ჩაიტარა, თუმცა არანაირი შედეგი არ ჰქონია. ზოგიერთი ქალი დედას მხარდაჭერასაც უცხადებდა და მედიცინის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობდა".
ლუიზა თბილად იხსენებს მშობლებს - მამას, რომელიც 2007 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა და დედას, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ 2012 წელს გარდაიცვალა. მათი გამოცდილება კი უამრავ წყვილს დაეხმარა ოცნების ახდენასა და ბედნიერების პოვნაში, ხელი შეუწყო ტექნოლოგიების განვითარებასა.
ლუიზას დაბადების დღიდან ამ გზით 6 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა. ახლა, როდესაც დიდ ბრიტანეთში ხელოვნური განაყოფიერების საფასური საგრძნობლად გაიზარდა, ბევრი წყვილისთვის ეს პროცედურა მიუწვდომელი გახდა.
ორმოცი წლის შემდეგ კი ლუიზა ბრაუნს სურს, პატივი მიაგოს ბრიტანელ ფიზიოლოგს რობერტ ედვარდსა და მეან-გინეკოლოგს პატრიკ სტეპტოის და აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სამედიცინო ორგანიზაციები მოქალაქეებს პროცედურით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. "მათ ეს ყველაფერი ჩვენს გამო გააკეთეს!" - ამბობს ლუიზა ბრაუნი.
დღეს მას თავისი ოჯახი აქვს და ბუნებრივი გზით გაჩენილი ორი შვილიც ჰყავს.