"ბედნიერი ვარ, რომ მყავს საყვარელი მეუღლე, ორი შვილი. ყველაფერი მაქვს, რაც ლოცვისას უფალს შეიძლება შესთხოვოს ადამიანმა", - ამბობს მსახიობი ჯიმი აბესაძე. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა ვერ ისწავლა დღემდე, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1984 წლის 9 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ქართული ფილმები ძალიან მიყვარდა და მიყვარს, მსახიობობის სურვილიც ამ სიყვარულმა გამიჩინა. ქართველები უცნაური ხალხი ვართ. ერთი პერიოდი იურისტობა იყო მოდაში, შემდეგ - ექიმობა, ახლა - მენეჯმენტი. მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში, სუფრასთან ვიღაც თუ იტყოდა, "მარხვაზე ვარ", ეს კარგ ტონად ითვლებოდა, ახლა მოდაში შემოვიდა "ათეისტი ვარ". მსგავსი "მოდურობისგან" ღმერთმა დამიფაროს, მართლმადიდებლად დავიბადე და მართლმადიდებელი მოვკვდები.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გიჟიაო. ამ ბოლო დროს ჩემი მეგობარი ზვიო ბლიაძე ამ სიტყვას განსაკუთრებით ხშირად ამბობს. ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა არ შემიძლია. სცენარისტები რომ ვიკრიბებით, აუცილებლად უნდა ავიდე მემონტაჟესთან, მერე დაბლა ჩავიდე, მძღოლებს დაველაპარაკო, დეკორატორებს რაღაც ვუთხრა. ვერ ვისვენებ, რა ვქნა? ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპია, ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. საღამოს შინ ძალიან დაღლილიც რომ დავბრუნდე, ბავშვებთან მაინც ვთამაშობ, ვგიჟობ. ახლა "ტიკტოკერობა" აქტუალური თემაა, თურმე ამ აპლიკაციაში ჩემს ვიდეოებს იყენებენ. მეგობრები მეუბნებიან, შენც ჩაწერეო, მაგრამ მე მოდამ გამასწრო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს ბავშვობის ოცნების ასრულება იყო, პირველ წელს ჩავიჭერი და მეორე წელს ჩავაბარე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს, მაგრამ გამორჩეულად - დედაჩემს. მამა აღარ მყავს და დედა ჩემთვის ხატია. 35 წლის ასაკშიც კი შეუძლია, ყოველ 15 წუთში დამირეკოს და მკითხოს, - "დედა, სად ხარ?" მადლობა დედას ყველაფრისთვის და შემდეგ ჩემს მეუღლეს, მხარში დგომისთვის.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს საყვარელი მეუღლე, ორი შვილი. ყველაფერი მაქვს, რაც ადამიანმა შეიძლება ლოცვისას უფალს შესთხოვოს.
- ჩემი მეუღლე...
- ...გახლავთ ელისო გრძელიძე. ერთმანეთი ბაღდათში გავიცანით. მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ელო ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია, ყველა თემაზე შემიძლია ველაპარაკო. ვიცი, გამიგებს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...მშიშარა ვარ. არასდროს დავჯდები "ეშმაკის ბორბალზე" და მსგავს ატრაქციონებზე; რაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს 1%-ით მაინც უქმნის, არ გავრისკავ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ენა არავისთან მიიტანოო. მან ჩამინერგა, ეს რამდენად ცუდი ჩვევაა.
წაიკითხეთ სრულად