ძნელი დასაჯერებელია, რომ დედას შვილზე ძვირფასი გააჩნდეს ვინმე. ამის მიუხედავად, ბევრ შვილს მთელი ცხოვრება მიჰყვება წყენა და ხშირად დიდობაშიც ვერ პატიობს მშობლებს მისთვის მიყენებულ ტკივილს. ამის მიზეზი არცთუ იშვიათად შვილების ერთმანეთისგან გარჩევაა, როცა მშობლები ერთ შვილს უფრო ანებივრებენ, მეორეს კი მათი ყურადღება აკლია. ასეთი მიდგომა დედებისგან განსაკუთრებით სყწინთ შვილებს და ღრმა კვალსაც აჩენს მათ ცხოვრებას.
რას გრძნობენ იმ ოჯახების უკვე გაზრდილი შვილები, ვისაც მშობლები არჩევდნენ, რას ფიქრობენ ამ მოვლენაზე და რით ხსნიან ამ ყველაფერს.
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრმა ადამიანმა გასცა.
"მე და ჩემს ძმას დედა ყოველთვის გვარჩევდა. მას ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა. რამეს რომ იყიდიდნენ, ჯერ ჩემი ძმის იყო და მონარჩენი ჩემი. ვერ გამიგია, ამ გადმოსახედიდან რატომ იქცეოდნენ ჩემი მშობლები ასე? მე 4 შვილი მყავს და ყველას თანაბრად ვუნაწილებ სიყვარულს. ბავშვობა ძალიან მტკივნეულად მახსენდება და ეს არ მინდა რომ ჩემმა შვილებმაც გამოსცადონ". "ხშირად დედები არჩევენ შვილებს წარმატებების, გონებრივი შესაძლებლობის მიხედვით. მსგავსი ტიპის დედებისთვის მიუღებელია "წარუმატებელი შვილი". აგრეთვე შეიძლება გარჩევის მიზეზი გახდეს ვიზუალური ეფექტიც. ხშირად სქესის გამოც არჩევენ. ან გოგო უფრო უყვართ, ან პირიქით- ბიჭი! ეს კი ყოვლად მიუღებელია! შვილი ყველანაირი უნდა გიყვარდეს!" "ჩემს შემთხვევაში მარტო მშობლები კი არა ნათესავებიც გვარჩევდნენ მე და ჩემს ძმას . მარტო მშობლები კი არ არჩევნენ, ასევე არჩევენ ბებია-ბაბუებიც. ყველას თავის გვარის გამაგრძელებელი უხარია. აი, გოგოებს კი, თუ უმცროსი ან ერთადერთი ნანატრი გოგო არ ხარ, თითქოს არც გამჩნევენ, რომ არსებობ" დედაჩემს ჩემი ძმა ჩემზე მეტად უყვარს. ამას ბავშვობიდან ვგრძნობდი. სულ მისთვის უნდოდა ყველაფერი, ამხელა გოგო ვარ და დღესაც ვიცი, დედაჩემს არ უყვარვარ, მაგრამ ღმერთმა ისე გაუხადა საქმე, ჩემი მისახედია. ჩემმა ძმამ, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ცოლი რომ მოიყვანა გარეთ გამოაგდო... ყველაფერს ვერ მოვყვები აქ, მაგრამ ასეა. მორწმუნე ვარ და ხელს ვერ ვკრავ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლე მაჩუქა. ყველაზე გულსატკენი ის არის, თან რომ ვყვები და მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა. ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ და ვაყვედრი, როგორ გამზარდა. გგონიათ აღიარებს? არაა, აქეთ მავალდებულებს" "ასეთ დედებს ეშმაკი ყავთ სულში ჩასახლებული და არ იციან რას ჩადიან... შვილებშიც იწვევს განხეთქილებას დედის ესეთი განსხვავებული მიდგომები" "შევხვედრილვარ და ყოველთვის იგრძნობა ეს განსხვავება. შვილებს ასხვავებენ და შვილიშვილებზე ხომ საუბარიც ზედმეტია... ჩემი აზრით, ეგეთი დედა დედა არ არის. არასდროს ვაპატიებდი დედაჩემს მსგავსი რომ მეგრძნო მისგან" "ჩვენ 4 ვართ და დედა სულ გვარჩევდა. მე უფრო მომთმენი ვიყავი და ხშირად სხვებია თვალში დაჩაგრული ვჩანდი, მაგრამ მისგან უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობ დღემდე. დედა ყველა შვილს სხვანნაირად უნდა მიუდგეს და თითოეულს ის მისცეს, რაც ბავშვს სჭირდება. რომ ილანძღებით ცოტა სირცხვილია!" "ვერ ვხვდები, გარჩევას რას ეძახით. ერთი უყვართ და მეორე არა? მიდგომა და ქცევა ვერ გექნება ერთნაირი და არც უნდა გქონდეს. ყველა ინდივიდუალურია და ყველას თავისი მიდგომა სჭირდება". "მთელი ცხოვრება რასაც ჰქვია, ტყვე ვიყავი იმის გამო, რომ გოგო ვიყავი. არ უყვართ გოგო, როგორც შვილი. პრიორიტეტი მხოლოდ ბიჭია და უფალმა 3გოგო მისცა ჩემს მშობლებს. მეოთხე ბიჭი ჰყავთ და ის არის მათი ცხოვრების აზრი და ჩვენ, გოგოები, ისე, უბრალოდ ვართ მათთვის. გული ისე მტკივა, რომ არსებობს ასეთი უაზრო და უტვინო ხალხი. შვილი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს, გოგოა თუ ბიჭი. თავად ვარ ორი შვილის დედა, ორივე ძალიან მიყვარს, ჩემი სული და გული არიან. მასეთ ადამიანებს უფალი არ უნდა აძლევდეს შვილს, მთელი ცხოვრება ფსიქიკას რომ გიმახინჯებენ" "ხშირად ეგ გამორჩევა ხდება ხოლმე დიდობაში კონფლიქტის მიზეზი დედმამიშვილებს შორის. საშინელებაა დაბრმავებული დედის ყურება, რომელსაც არ უნდა რეალური სიტუაციის დამახვა. ესეთი დედები ღუპავენ თავიანთ შვილებს""ჩემს შვილს ჰგონია, რომ ბავშვებს ვანსხვავებ, პატარა 6 წლისაა, ის 16 წლის. როგორ უნდა მოვექცე მას ისე, როგორც პატარას, ანუ ვაბანაო, სადილი დავუსხა, ჩავაცვა, გავასეირნო, იგივეს ხომ არ გავაკეთებ ამხელა გოგოზე და ჰგონია, რომ პატარას მეტ ყურადღებას ვაქცევ, არა და არცერთს არ ვაკლებ, უფროსს რაც სჭირდება, თითქმის ყველაფერს ვუსრულებ და რატომ ჰგონია, რომ ნაკლებად მიყვარს, ვერ ვხვდები"
ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე:
- მოსმენილი ისტორიებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რის მიხედვითაც ამბობენ, რომ მშობლები არჩევენ მათი ძმებისგან და დებისგან. ეს ფაქტორებია: სქესი, როდესაც ბიჭი ყოველთვის პრივილიგირებულია. რიგითობა - აქ ძირითადად ორი სიტუაცია გვხდება, როდესაც პირველი შვილი არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში და პირიქით. ერთი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად აკლდებათ ყურადღება დანარჩენ შვილებს და ამას ძალიან სენსიტიურად იღებენ.
საუბრობენ ასევე, იმის შესახებ რომ მათი ძმა ან და უფრო წარმატებულია, მაღალ ქულებს იღებს და ამიტომ ამის გამო არჩევენ, ეს კი უკვე შედეგია საწყის ეტაპზე ყურადღების არასწორი გადანაწილებისა მშობლების მხრიდან. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი მშობელი, რომელიც იყო მეორე შვილი და ყურადღება აკლდებოდა. როდესაც ის მშობელი გახდა, შესაძლოა მთელი ყურადღება მიმართოს მეორე შვილზე იმ მიზეზით, რომ იგივე არ იგრძნოს მისმა შვილმა, თუმცა შეიძლება ამ დროს პირველ შვილმა იგრძნოს ნაკლები ზრუნვა და სითბო.
რიგითობით მეორე შვილები ხშირად ამბობენ, რომ პირველი შვილი უფრო მეტად უყვართ, რადგან პირველია ოჯახში. ხშირად ვისმენთ ისტორიებს, როდესაც ამბობენ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ საჭირო ნივთებით, მხარი დაუჭირონ განათლების მიღებაში ან ახალი ნაბიჯის გადადგმაში და ამის შემდეგ დაეხმარონ მეორე შვილს. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის მიხედვით და ამის შესახებ მუდმივად ხაზის გასმა ხელს უწყობს პირველი შვილის სტერეოტიპის შექმნას, რაც თავის მხრივ ცვლის ოჯახის დინამიკას და ოჯახის ურთიერთობებს. შესაძლოა მეორე და შემდეგმა შვილებმა თავი იგრძნონ ოჯახისგან იზოლირებულად და მათ შორის გაჩნდეს დაპირისპირება, აგრესია.
ასევე ხშირად იკვეთება ისტორიები, როდესაც ფიქრობენ, რომ მთავარია პირველ რიგში ბიჭის საჭიროებები დააკმაყოფილონ, ატარონ ცურვაზე, ფეხბურთზე, ინგლისურზე, მხარი დაუჭირონ ყველა ახალი ნაბიჯის გადადგმაში, დააყენონ გზაზე და მას შემდეგ უკვე გოგონაზე იზრუნონ. ამ შეხედულებებს ამყარებენ ხოლმე ასეთი ფრაზით: "გოგო სხვისია, წავა და გაგიფრინდება". ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დაუშვებელია ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის და სქესის მიხედვით.
- რას ურჩევთ მშობლებს? როგორ უნდა მოიქცნენ შვილებთან ურთიერთობის დროს?
- მშობლებო, მეორე შვილის დაბადების შესახებ სწორი ფორმით მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს პირველ შვილს, რომ ახლა განსაკუთრებულად გჭირდებათ მისი დახმარება, რომ ის ისევე არის თქვენი ოჯახის აქტიური წევრი, რომელსაც ისევე დაუთმობთ დროს, სიყვარულს და სითბოს, როგორც ადრე.
ყოველდღიური აქტიური რიტმის გამო ძალიან რთულია ყურადღების თანაბარი განაწილება შვილებზე, თუმცა ეს პირველ რიგში აუცილებელია. არასდროს უთხრათ და უსაყვედუროთ თქვენს ერთ შვილს იმის შესახებ, რომ ის კარგად ვერ ხატავს, ვერ იღებს მაღალ ქულებს ან ვერ დარბის სწრაფად, ამას კი მეორე შვილი მარტივად და წარმატებით აკეთებს.
თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს შვილებს მომავალში როგორი ურთიერთობა ექნებათ, დაეხმარებიან თუ არა ერთმანეთს რთულ პერიოდებში თუ პირიქით?! და ბოლოს, ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და მშობლებო, თქვენზეა დამოკიდებული, თქვენი შვილები როგორი მშობლები იქნებიან.