"სასწაული მეშვიდე საკანში" ის ფილმია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი აღმოჩნდა თურქულ სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის და საქართველოშიც ბევრმა ნახა.
ამავე სიუჟეტის და სახელწოდების ფილმი 2012 წელს კორეელებმა გადაიღეს და დიდი წარმატებაც ხვდათ წილად. ეს კი "ნეტფლიქსის" მიერ 2019 წელს განხორციელებული ვერსიაა, თურქი მსახიობების მონაწილეობით.
ფილმის ნამდვილი ვარსკვლავები არიან მთავარი გმირები - მამა-შვილი, რომელთა როლებს ასრულებენ არას ბულუტ იინემლი და ნისა სოფია აკსონგური.
არას ბულუტ იინემლი თურქი მსახიობი და მოდელია, რომელმაც სახელი გათქვა შეხზადე ბაიაზიდას როლით სერიალში "დიდებული საუკუნე". 29 წლისაა, სტამბოლში ინტელიგენტურ ოჯახშია გაზრდილი. თავიდანვე იყო გატაცებული თეატრითა და კინოთი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგან ტექნიკაც ბავშვობიდან აინტერესებდა.
მის უფროს ძმას ორჯუნს სარეჟისორი განათლება აქვს და მსახიობობს კიდეც, მისი და ჯეიდი კი ტელეწამყვანია.
არასმა კინოში კარიერა სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით დაიწყო, ხან ტანსაცმლის ბრენდებს უკეთებდა რეკლამას და ხან ყავა "ნესკაფეს". თანდათან გაიტაცა ამ სფერომ და მსახიობობა გადაწყვიტა.
ასე ნელ-ნელა, რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ გამოჩნდა "დიდებულ საუკუნეში" და ვარსკვლავადაც იქცა.
ჯერჯერობით დაქორწინებული არ არის. მისი მიჯნურია მსახიობი ბიგე ონალი, რომელთან ერთადაც ჩნდება ხოლმე საზოგადოებრივ თავყრილობებზე და ღონისძიებებზე.
ნისა სოფია აკსონგური 2011 წლის 30 მარტს დაიბადა სტამბოლში. გარდა მსახიობობისა, მისი სერიოზული გატაცება სროლაა.
ლამაზი გარეგნობის და მსახიობური მონაცემების წყალობით ადრეული ასაკიდან ფოტომოდელობდა, სხვადასხვა ჟურნალისა და კატალოგებსთვის იღებდნენ და იღებენ ახლაც.
კინოში დებიუტი ჰქონდა 2015 წელს, ასევე "დიდებულ საუკუნეში" შესრულებული როლით. ყველაზე ცნობილი კი სწორედ "მეშვიდე კამერით" გახდა, რადგან იქ მთავარი როლი შეასრულა.
გოგონას საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.