სიახლეებიკალეიდოსკოპი
როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ის საფრთხის წინაშე?
როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ის საფრთხის წინაშე?
ერთი შეხედვით, თითქოს ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩვენი ახალშობილის ან არასრულწლოვანი შვილის ფოტოსურათებსა და მათ შესახებ სხვა პირად ინფორმაციას "ფეისბუქში", "ინსტაგრამსა" და სხვა სოციალურ ქსელებში გავავრცელებთ, თუმცა რეალურად, ასეთი ქმედება შეიძლება, გარკვეული რისკების შემცველი იყოს.
პირველ რიგში, ბავშვის ფოტოებისა და მის შესახებ სხვა პირადი ინფორმაციის ხშირად გავრცელებამ შეიძლება, მის უფლებას არღვევდეს კონფიდენციალურობის შესახებ. ბავშვი 5 წლის ასაკიდან იწყებს საკუთარ თავზე აზრის ჩამოყალიბებას და იმის გაცნობიერებას, გარესამყარო როგორ აღიქვამს მას. ამ დროს მისი კონფიდენციალურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან იმ ფოტოებმა
(მაგალითად, აბაზანის მიღებისას), მხიარულმა ინფორმაციამ ბავშვის ქცევის შესახებ, რაც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული, შეიძლება, ბავშვს უხერხულობა შეუქმნას. ამასთან, "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოსურათები არასრულწლოვნებში ბულინგის მიზეზიც ხშირად ხდება-ხოლმე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვის უსაფრთხოება. თუ მის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ: მის სკოლაში გადაღებული ფოტოსურათები, იმ ბაღის ფოტოები, სადაც ხშირად თამაშობს და ა.შ, არსებობს თუ არა რისკები, ბავშვი საფრთხეში ჩავაგდოთ?!
არეგულირებს თუ არა ბავშვის პირადი მონაცემების დაცვას კანონმდებლობა და რა უნდა გაითვალისწინონ უფროსებმა, სანამ მის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს გამოაქვეყნებენ, ამის შესახებ დეტალურად იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელს, ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილს ვესაუბრეთ:

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორ არის დაცული არასრულწლოვნის პირადი მონაცემები?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი, ისევე როგორც ზრდასრული
ადამიანი, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების თანაბარუფლებიან წევრს. შესაბამისად, ზრდასრული ადამიანის, მისი პირად ცხოვრების, პირადი მონაცემების დასაცავად არსებული დათქმები ვრცელდება არასრულწლოვნებზეც. უფრო მეტიც, მშობლებს და უფროსებს გვმართებს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვის პირად მონაცემებს, რადგან ისინი თავიანთი ასაკის გამო ვერ აანალიზებენ და ვერ უწევენ კონტროლს ჩვენს მოქმედებას, როცა მათ შესახებ პირად ინფორმაციას ვავრცელებთ.
mshoblebi

საინტერესოა, არღვევს თუ არა მშობელი ამ კანონს, როცა მის შესახებ ინფორმაციას თუნდაც სოციალურ ქსელებში აქვეყნებს?

კანონში არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, სოციალურ ქსელში მშობელმა ან ზოგადად, უფროსმა უნდა განათავსოს თუ არა ბავშვთან დაკავშირებით ფოტომასალა ან რაიმე ტიპის ვიდეომასალა, მაგრამ ყველა კანონი, ყველა დათქმა და მშობლების მოქმედება უნდა იყოს დაკავშირებული ბავშვის უპირატეს ინტერესებთან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თუკი იმდაგვარი ფოტომასალა გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში, რომელიც საზოგადოების მხრიდან ბულინგის საფრთხეს შეიცავს (და ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი არსებობს დღევანდელ რეალობაში), დამნაშავე გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მშობელი, რომელმაც მისი გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამ კუთხით საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს მშობლის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალა.

ხდება თუ არა ამ დროს ბავშვი დაუცველი?

თუ წარმოვიდგენთ, რომ ბავშვი გაიზარდა, წლები მოემატა და მან სოციალურ ქსელში მისი ბავშვის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნახა, რომელიც უხერხულობას უქმნის, ვფიქრობ, რომ ამან მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა შეიძლება მოახდინოს არასწულწლოვანზე, განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში. ამასთან, ასეთმა ფოტოებმა და ინფორმაციამ შეიძლება, არასრულწლოვნისა და მისი თანატოლების ურთიერთობებზეც მოახდინოს ზეგავლენა.
ასეთ შემთხვევებზე მრავალი სასამართლო პრაქტიკა არსებობს უცხოეთში, როდესაც არასრულწლოვნებმა სარჩელი აღძრეს თავიანთი მშობლების წინააღმდეგ ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელები აკრძალვასთან ან წაშლასთან დაკავშირებით.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გამოქვეყნებას გადავწყვეტთ?

კარგი იქნება, თუ მოვერიდებით და თითქმის ნულამდე დავიყვანოთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის შესახებ პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რადგან ეს არის ჩვენი სოციალური ქსელი და ჩვენი პირადი გვერდი, ამიტომ იქ უნდა ვაქვეყნებდეთ ჩვენ შესახებ ინფორმაციას.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლების მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ბავშვის ფოტოები ისეთ გვერდებზე და ისეთი არაადეკვატური და არაეთიკური ფორმით მოხვედრილა, რომ მშობლებს სამართლებრივი დავაც დაუწყიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ბავშვის შესახებ პირადი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებით შევძლებთ ასეთი არასასურველი მდგომარეობის თავიდან აცილებას, რადგან სოციალური ქსელები უკონტროლოა და იქ წარმოდგენილი ინფორმაციის გამო ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბულინგის, მათ შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და სხვა უფრო მძიმე პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა. 
ბეჭდვა