თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მასალის კვლევის შედეგად ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.
მისივე თქმით, ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს ცხოველის მხრიდან დაკაწვრის, დადორბვლის ან დაკბენის შემთხვევაში და „რაც შეიძლება მალე, წყლითა და საპნით მოვახდინოთ ჭრილობის დამუშავება, რაც შემდგომში ვირუსის ინკუბაციის რისკებს შეამცირებს“.
„სამწუხაროდ, ამ ცხოველების პატრონებმა რამდენიმე თვით გადააცილეს საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია და მივიღეთ ძალიან ნეგატიური შედეგები. საქართველო შედის იმ 150-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ცოფი არის ენდემური პრობლემა და სიმპტომების აღმოჩენისთანავე არის 100%-ით ფატალური. ვაქცინაციის შემთხვევაში კი 100%-ია, რომ ამის პრევენცია მოხდება. არსებობს მოსაზრება, რომ ცოფის ვაქცინა ანელებს ცხოველის ფიზიკურ ზრდას, ან რაიმე თვისებებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ეს ყველაფერი არის სიცრუე და მითები, არ შეიძლება ამის საფუძველზე ჩვენ თვითნებურად დავარღვიოთ კანონი. ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი შეიძლება იყოს ცოფის ამთვისებელი. დაკაწვრა, დადორბვლა და დაკბენა, ამ სამივე შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს, რომ არ გაიკეთოს ცოფის აცრა გარკვეული მიზეზების გამო. სანამ ექიმთან მივალთ, რაც შეიძლება მალე წყლითა და საპნით უნდა მოხდეს ჭრილობის დამუშავება, რომ შემდგომში ვირუსის ინკუბაციის რისკები შემცირდეს,“ - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ყოველწლიურად საქართველოში ადამიანებში ცოფის აღმოჩენის მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია. შარშან 1 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს 2 შემთხვევა და მანამდე, 3 წელი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ამასთან, მისი თქმით, ცოფით დაინფიცირების განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას მონადირე ძაღლები განეკუთვნებიან.
ლომჯარიას ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოში 35000-49000 ადამიანი იცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.