"ჩაშკას", ანუ მიხეილ ჯანაშვილს თბილისში წლების წინ ალბათ ყველა იცნობდა. მას თავისი აფთიაქი ჰქონდა ლესელიძეზე და უიშვიათესი, დეფიციტური წამლები ხანდახან მხოლოდ მასთან იშოვებოდა. დღეს 90 წელი შეუსრულდა და ფეისბუქზე, ემიგრანტების ჯგუფში მიუძღვნეს პოსტი, რომელსაც ბევრი კომენტარი მოჰყვა. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
"აბა, ვის გახსოვთ?.. აფთიაქში რაც არ მოიპოვებოდა, ამასთან გაუჩენარს გაგიჩენდა." "მეძვირე ფულიანებისთვის იყო. გაჭირვებულებს კი უფასოდაც აძლევდა დეფიციტურ წამლებს. გარწმუნებთ... ვიცი რასაც ვამბობ". "ვულოცავ. მე პირადად ბევრჯერ მიმიღია დახმარება. რამდენჯერ ძვირიანი წამალი ნახევარ ფასში გამოუტანებია და მერე მომიტანე დანარჩენიო... უფალმა დიდხანს აცოცხლოს". "დღეს რომ ცოცხალი ვარ და შვილები არ დამიობლდა, თქვენი წყალობაა, თქვენ რომ 80 წელში ცეპორინი არ გეშოვათ, მე მკვდარი ვიქნებოდი, დიდი მადლობა, დიდხანს იცოცხლეთ". "ცნობილი "ჩაშკა". მქონდა პატივი, ახლოს მენახა და დამხმარებია. დეფიციტური წამლების მშოვნელი... დიდხანს იცოცხლეთ..."