დავით ბარბაქაძე პატარა, თვითნასწავლი მხატვარია. მცხეთაში ცხოვრობს და კარანტინის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ხატვა შეუძლია. სხვადასხვა ონლაინგაკვეთილს მოუსმინა და დაგროვილი ცოდნით სადარბაზოს კედლების გალამაზება გადაწყვიტა. მის შესახებ უფრო ვრცლად დავითის დედა - ლიკა გვიყვება:
- დავითი 9 წლისაა, ახლა დაამთავრა მეოთხე კლასი. მისი ინტერესის სფერო აქამდე ხატვა არ იყო. ხატვა კარანტინის პერიოდში დაიწყო. ძალიან უყვარს მათემატიკა და უნდა, ცნობილი მათემატიკოსი გახდეს. კარანტინის პერიოდში მისთვის ხატვა დროის გაყვანის ერთ-ერთი საშუალება იყო. მანამდე თუ ხატავდა, არც ვიცოდით. ინტერნეტში ნახა რაღაც ნახატი და გადახატა. მერე სხვადასხვა ვიდეოს უყურა, იუთუბის გაკვეთილებიდან ძალიან ბევრი რამ ისწავლა. დიდი წვლილი მიუძღვის ონლაინ გაკვეთილებს, რადგან მასწავლებლები ხშირად უგზავნიდნენ ისეთ დავალებებს, სადაც დასახატი იყო. განსაკუთრებით, ხელოვნებაში.
- ანუ ხატვის წრეზე არ დადის და თავად ისწავლა ასეთ მოკლე პერიოდში?
- არსად არ დადის. გადახატვის ძალიან კარგი ნიჭი აქვს. ფერების შეზავება, წვეთები და მსგავსი თემები ინტერნეტით ისწავლა. არც ვიცოდი, იუთუბზე თუ ასეთი რაღაცები იყო.
- სადარბაზოს კედლებზე რომ ნამუშევრებს ქმნის, მარტო აკეთებს თუ თქვენც ეხმარებით?
- სულ სადა ფერი, ფონი რაცაა, იმაში ვეხმარებით იმიტომ, რომ სადარბაზოს კედელი დიდია და თავად მარტო ვერ წვდება. რაც შეეხება ნახატს, მარტო ხატავს. ჯერ ფანქრით მონახაზს აკეთებს, მე თავად ხატვა არ ვიცი, რომ რამეში დავეხმარო, თუმცა სიტყვიერად, როცა ვხედავ, რომ რაღაც არასწორად გამოსდის, ვეუბნები ხოლმე.
- მეზობლებს რა რეაქცია აქვთ, როდესაც ხედავენ მოხატულ კედლებს?
- ბოლო სართულზე ვცხოვრობთ და ორი მეზობელი გვყავს. მხოლოდ მათ იციან და ძალიან ბედნიერები არიან, უხარიათ და გულშემატკივრობენ.
- ხომ არ აპირებს დავითი, რომ მომავალში ამ საქმით უფრო პროფესიონალურად დაინტერესდეს?
- არასდროს გამოუთქვამს სურვილი, რომ წრეზე ევლო. არც ვიცოდით, რომ ხატვა შეეძლო. რომ გითხრათ, ყველაფერი ერთდროულად ისწავლა-თქო - არა. ყოველდღე უყურებს ვიდეოებს იუთუბზე და ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობს. ყველა ნახატის წინ ამბობს, რომ ამას ვერ დახატავს და არ გამოუვა, ბოლოს შეიძლება ზუსტად ისეთი არა, მაგრამ რაღაც გამოსდის.
- ხატვა ხომ შეეძლო ფურცლებზე, ტილოზე და ასე შემდეგ, რატომ გადაწყვიტა, რომ სადარბაზოს კედლები მოეხატა?
- კარანტინის პერიოდში ისე მოხდა, რომ მცხეთიდან ვერ გავდიოდით. შესაბამისად, შემოგველია თაბახები, რამდენიმე ტილო გამოწერილი მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ აღება იმიტომ, რომ თბილისი ჩაიკეტა. ძალიან უნდოდა, რომ სადარბაზო გაელამაზებინა და მაშინ, როცა ეზოში ვერ გავუშვებდი, იქ ეთამაშა. ორი პატარა ძმა ჰყავს და ყოველთვის არ მცალია, რომ ჩავიყვანო. ამიტომ, მოიფიქრა, რომ საკუთარი ხელით გაალამაზოს და მოაწყოს.
- კიდევ რა ინტერესები აქვს?
- დადის კომაროვში, მცხეთაში და ერთ-ერთი კარგი მოასწავლეა. ძალიან უყვარს ცურვა და ცურვაზეც დადის. სადარბაზოში ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული ნამუშევრები. აქამდე გვქონდა შეგრძნება, რომ შეიძლება ვინმეს საყვედური ეთქვა ან არ გამოსვლოდა, მაგრამ ჩვენს სართულზე ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, არც ერთ შემთხვევაში არ ეტყოდნენ არაფერს, ახლა სხვებმაც რომ გაიგეს, ეუბნებიან, რომ კიდევ დახატოს.
თამარ იაკობაშვილი