"სერიალი "იდეალური დედა" ჩემს ცხოვრებაში ძალზე საინტერესო დროს გამოჩნდა. ახალი სუნთქვასავითაა. როლიც ძალიან შემიყვარდა. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, მგონია, მთელი ცხოვრება ვიცნობ. გადაღებები სასიამოვნოა", - ამბობს მსახიობი იაკო ჭილაია. რა განცდა აქვთ მის შვილებს, როცა ეკრანზე დედას იდეალური დედის როლში ხედავენ, რა არის მისი ბედნიერება, რა ფობია აქვს მსახიობს და რას ვერ გააკეთებს ვერასდროს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1988 წლის 8 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ეს სურვილი პატარაობიდან მაქვს, არც მახსოვს, რამ განაპირობა, რატომ ავირჩიე, მაგრამ ზუსტად ვიცი, მსახიობობის გარდა, არასდროს არც ერთ პროფესიაზე არ მიფიქრია. პროფესიული არჩევანის გამო, არასდროს მინანია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ასეთი ოჯახი, შვილები, კარგი მეგობრები და მაქვს საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს.
- როდესაც ჩემი შვილები ეკრანზე იდეალური დედის როლში მხედავენ...
- ...ძალიან უხარიათ და ეს მსიამოვნებს. უფროსი 7 წლის არის და უკვე ყველაფერს იაზრებს, აანალიზებს და მგულშემატკივრობს. პატარა წლისა და 9 თვისაა. ეკრანზე რომ მხედავს, მასაც უხარია, ტელევიზორს გაბადრული სახით უყურებს, ამ დროს შინ თუ ვარ, მოდის და მეფერება.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ფიცხი ხასიათი აქვსო. ოჯახში ხშირად ისმის: "იაკო არ გავაბრაზოთ". სამეგობროში განსხვავებულად მაფასებენ. ამბობენ, რომ მხიარული და მეგობრული ვარ. ჩემს "აფეთქებებს" განაპირობებს ყველაფერი, რაც არ მომწონს, რის გამოც დისკომფორტი მაქვს, ემოციას ყოველთვის გამოვხატავ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ტყუილი არ მიყვარს. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს, ამიტომ არასდროს ვიტყუები. როცა სხვა მატყუებს, ხშირად ვხვდები, ვგრძნობ, მაგრამ რეაქცია არა მაქვს. სიტუაციას თავად ვაკონტროლებ, გადაწყვეტილებასაც შესაბამისად ვიღებ.
- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...დიდი ხანია, საკუთარ თავში ზედმეტ ემოციურობას ვებრძვი. ვცდილობ, დავმშვიდდე და ბევრ საკითხს მსუბუქად შევხედო, მაგრამ არ გამომდის.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...პატარა ასაკში იყო. ვთამაშობდი სპექტაკლში, ჩავწერე სიმღერა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. კონკურსებზე სულ პირველ, მეორე ადგილებზე ვიყავი. ქუჩაში მცნობდნენ და ეს სასიამოვნო იყო, მიხაროდა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ბებიას, რომელმაც გამზარდა და ყველაფერი გააკეთა, წარმატებისთვის რომ მიმეღწია.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიმოგზაურო. როცა დრო მაქვს, ვცდილობ, მეგობრები ვნახო. ოჯახისა და 2 შვილის პირობებში ეს ცოტათი რთულია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც ვახერხებ.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მზარეული. რასაც ვინდომებ, ვაკეთებ. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ გემრიელად ვამზადებ, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი საქმე არ არის, ამით ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ. თავად გურმანი ვარ, მაგრამ წლებია, ხორცს არ ვჭამ, შესაბამისად, ხორციან კერძებს არ ვამზადებ.
- ოჯახში ორი მსახიობის თანაცხოვრებას...
- ...დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ჩემი და გაგას (მსახიობი გაგა შიშინაშვილი. - ავტ.) ურთიერთობა 9 წლის წინ დაიწყო. დღეს ორი შვილი გვყავს. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სიგიჟე და ფერადი დღე იყო. ამ ფორმით ჩვენს ყოველდღიურობას პერიოდულად ახლაც ვახალისებთ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რისი სწავლაც მინდოდა და ბავშვობაში ვერ შევძელი, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ვისწავლე. მაგალითად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წყლის მეშინოდა და არც ცურვა ვიცოდი. ბავშვობაში ველოსიპედს ვერ ვატარებდი, რადგან ფეხი ვიტკინე და ის ტრავმა გამომყვა; ახლა ვატარებ, ეს სურვილიც ავიხდინე. არაფერია ისეთი, რომ ვთქვა, მოვინდომე და ვერ ვისწავლე-მეთქი. თუ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გულისხმობ, ვერ ვისწავლე, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის საჭირო არ არის, შეიძლება ვიღაცას ვაწყენინო. მირჩევნია, ყველა სიმართლეს მეუბნებოდეს, სხვებს ისე ვექცევი, როგორც მინდა, მე მომექცნენ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...გადაღებაზე ან თეატრში რომ მივდივარ, უფროსი შვილი მეუბნება: "დე, კიდევ მიდიხარ?.."
- თავისუფლება... განაგრძეთ კითხვა