ძმების დიდი სიყვარული, ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილი და ბედნიერება
როგორ ახასიათებს ძმა კახი კავსაძეს
ბავშვობაში ძმები მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდნენ, სტიპენდიასაც იღებდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, ისინი "ხალხის მტრის" შვილები იყვნენ და სასწავლებელი დაატოვებინეს. იმ თანხის დაქვითვა კი, რომელსაც სტიპენდიის სახით უხდიდნენ, დედის ხელფასიდან დაიწყეს, - ეს ერთი ეპიზოდია ძმები კავსაძეების ბიოგრაფიიდან, რომელიც დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩებათ, ამ ტკივილს კი სახელად უმამობა ჰქვია.
"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება", - დღეს უკვე ღიმილით ამბობს იმერი კავსაძე. ყველასთვის საყვარელ მსახიობს 5 ივნისს 85 წელი შეუსრულდა. მათი ძმობის ამბავზე, წარსულზე, დღევანდელობაზე, დიდ ტკივილსა და სიყვარულზე ბატონი კახის ძმა გვესაუბრება.
- კახის იუბილემ კარგად ჩაიარა, რამდენიმე ტორტი მიართვეს, იყო უამრავი ზარი და მილოცვა. 85 წელი ისეთი თარიღია, ადამიანმა თავის ცხოვრებას უნდა გადახედოს. კახი შემართებითაა, ფეხზე ტრავმა ჰქონდა, ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა გაცილებით უკეთესადაა, თავს კარგად გრძნობს.
- ეს ყველას ძალიან გვახარებს. დღეს თქვენს ძმობაზე უნდა ვილაპარაკოთ. ბატონი კახი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, იმერი მაკვარანცხი ბავშვი იყოო.
- თავად ასე ამბობს, მაგრამ მე არ ვეთანხმები. ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ მოუსვენარი ვიყავი და ხელს რასაც მოვკიდებდი, ყველაფერი ფუჭდებოდა.
- თავად როგორი ბავშვი იყო?
- ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. კახი ჩემზე 2 წლით დიდია, მაგრამ ის ყოველთვის ჩემი უფროსი იყო და დღემდე მეუფროსება. ერთი ძმა რომ 5 წლის არის და მეორე - 7-ის, განსხვავება თითქოს იგრძნობა, მაგრამ როცა ერთი 25-ის ხდება და მეორე - 27-ის, ამ დროს უკვე 2 წელს მნიშვნელობა აღარ აქვს. აი, კახისთვის კი დღემდე ეს 2 წელი მნიშვნელოვანია. 16 ივნისს 83 წლის ვხდები, კახი 85-ის გახდა, მაინც უმცროსი ძმა ვარ.
- რჩევებსა და მითითებებს ხშირად გაძლევდათ?
- სულ ასე იყო. ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ზაფხულობით ერთად დავდიოდით. ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა. სიგარეტს არ ვეწეოდი, რადგან ვიცოდი, კახი ამის უფლებას არ მომცემდა... ზაფხული იყო, ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით. ბუნებრივია, კახი იქაც დიდობდა, დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა. ეს რომ გავიგე, სიგარეტი დავუმალე და ამის გამო გამლახა.
- შემდეგ როგორ შერიგდით?
- საქმე შერიგებამდე არც არასდროს მიდიოდა, ეს კი დედას სულ უკვირდა. პატარები რომ ვიყავით, ერთმანეთს დავერეოდით, ვჩხუბობდით, სახლს ვანგრევდით, თავდაყირა ვაყენებდით, მერე დედა გამოდიოდა და გვაშველებდა. ერთ დღეს, მორიგი გაშველების შემდეგ, დედა სამზარეულოში შევიდა, რამდენიმე წუთში უკან რომ გამობრუნდა, დაგვინახა, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით და წყნარად ვლაპარაკობდით. გაოგნდა, - ბიჭო, ნაჩხუბრებმა ერთმანეთის გარეშე 5 წუთი მაინც გაძელითო!.. ჩვენთვის ის ჩხუბი არაფერი იყო.
- მამის გარეშე იზრდებოდით, დედა მკაცრად გზრდიდათ?
- ჩვენი ახლო ნათესავები და ახლობლები დედას ირინა ბუგრიმოვას ეძახდნენ: იმ პერიოდში იყო მხეცების ცნობილი მომთვინიერებელი, რომელიც საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, ლომებსა და ვეფხვებს წვრთნიდა. დედას ეუბნებოდნენ, - ბუგრიმოვა ხარ, ორი ასეთი "ლომი" მოთვინიერებული რომ გყავსო. ჩვენ დედის დიდი ხათრი და რიდი გვქონდა. დედას ვაღმერთებდით, ის მამას აღმერთებდა, ძალიან გვიყვარდა და გვეშინოდა. ერთი-ორჯერ მამაჩემის ქამრით ვყავართ გალახულები. ბავშვობიდან დიდი ბედნიერება გვაკლდა, უმამოდ გავიზარდეთ და ეს მდგომარეობა გულზე ლოდივით გვაწვა. "მამა" არავისთვის დაგვიძახია და რა გრძნობაა, ვერც წარმომიდგენია. განაგრძეთ კითხვა