ამ ამბავს ჩვენი მკითხველი, ახალგაზრდა დედა გვიზიარებს. ამბავი თითქოს ჩვეულებრივია, თუმცა საკმაოდ დამაფიქრებელი მშობლებისთვის:
"ეს ამბავი გუშინ მოხდა, თუმცა ამ დილითაც გამახსენდა და ისევ მიიპყრო ჩემი ფიქრი, მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
მოკლედ გუშინ პარკში მყავდა წაყვანილი ბავშვი. სასრიალოზე მოინდომა თამაში. მე ვთქვი, არ დაიმტვრესთქო (ჯერ ორი წლისაც არაა) და კიბეზე თვითონ ავიყვანე, მე კი ქვემოთ ველოდებოდი, რომ ჩამოსრიალდება, დავიჭერ-მეთქი. თუმცა ბავშვი არ ჩამოსრიალდა, წამოდგა და იქითკენ გაემართა, სადაც ხელის მოსაკიდი მოაჯირი ან რამე მსგავსი რამ არ არის. შემეშინდა, არ გადავარდნილიყო, ამიტომ სასწრაფოდ გავემართე კიბისკენ, რომელზეც პატარა გოგონა ადიოდა, დედას აჰყავდა. ჯერ ერთ ფეხს ადგმევინებდა, მერე - მეორეს, ბავშვი პატარა იყო და დიდი დრო სჭირდებოდა ასვლაში.
ამასობაში ჩემი შვილი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ადგილს, საიდანაც დიდი ალბათობით შესაძლებელია გადმოვარდნა.
ამ ბავშვის დედას ვეუბნები: - გთხოვთ, სწრაფად გამატარეთ რა, ბავშვი შეიძლება გადმოვარდეს და დაიმტვრეს.
ეს ქალი, არც კი იბერტყავს ყურს, ხელში არ აჰყავს ბავშვი, ისევ ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აუჩქარებლად მიჰყავს და თან მპასუხობს: - ეგ ჩემი პრობლემა არაა, შენს ბავშვს რა დაემართებაო.
ახლაც გაოგნებული ვარ ამ პასუხით. ადამიანს ვთხოვე, ბავშვი უბრალოდ ხელში აეყვანა და გაწეულიყო ორი წამით, რომ მეორე ბავშვს რამე არ ევნო და ის მპასუხობს, თურმე მისი პრობლემა არაა, ჩემს შვილს რა დაემართება...
როგორ შეიძლება, დედა იყო, პატარა გყავდეს და იმის გამო, რომ შენი შვილი კიბეზე ადის და პრინციპულად არ გინდა ხელი შეეშალოს, სხვისი შვილი დასამტვრევად გაწირო? ასე შეგნებულად როგორ შეიძლება სხვისი შვილი ფეხებზე დაიკიდო?
მე ყველა ბავშვის ადგილზე ჩემს შვილს წარმოვიდგენ ხოლმე... მაპატიეთ, ძალიან აღელვებული ვარ... არ ვიცი ეს გოგო ვინ არის, მაგრამ ძალიან მინდა ეს პოსტი წაიკითხოს, ან მის ყურამდე მიაღწიოს და ოდნავ მაინც შერცხვეს თავისი სამარცვინო ქმედების და პასუხის და მეორედ სხვა დედას და სხვის შვილს ასე არ მოექცეს...
ჩემ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ჩემი შვილი თავად გამობრუნდა იმ ადგილიდან. მე მაინც ვერ მივუსწრებდი, ასე რომ არ მომხდარიყო..."