რუსეთის ჯანდაცვის სეტორში იმ ადამიანებს აკვირდებიან, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე გინცბურგის განცხადებით, ვაქცინა ადამიანს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში დაიცავს კორონავირუსისგან. პრეპარატი აღნიშნული ცენტრისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.
გინცბურგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინა ორჯერადად შეჰყავთ, რადგან იმუნიტეტისთვის ერთი და იგივე გენი სხვადასხვა მატარებლებით უნდა შეიყვანონ. ექსპერტის თქმით, აღნიშნულ გენებში კოდირებულია კორონავირუსის ტოქსიკური ცილა. ეს მიდგომა არამარტო იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, არამედ მის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებასაც.
"ეს გარანტიას გვაძლევს, რომ ამ ვაქცინის მომხმარებელი ადამიანი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში კორონავირუსისგან დაცული იქნება" - აცხადებს გინცბურგი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ მოხალისეები, ვინც აღნიშნული ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, თავს კარგად გრძნობენ. ისინი ბურდენკოს სახელობის მთავარი სახედრო ჰოსპიტლის სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
"ყველა მოხალისე თავს კარგად გრძნობს. სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. მათ ყოველდღიურად უტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ფარტო სპექტრი. ველოდებით ანალიზებს იმუნურ პასუხზე" - აცხადებენ უწყების პრეს-სამსახურში.
ჰოსპიტლის ექიმ-ანესთეზილოგის ოლეგ ჩეხლიაევის თქმით, მოხალისეთა აღნიშნული ჯგუფის გამოკვლევის შემდეგ ვაქცინას მოხალისეთა კიდევ ერთ ჯგუფზე გამოცდიან, რომლებიც ამჟამად კარანტინში იმყოფებიან.