პატარა გოგონა, ლუნა ფენერი, სახეზე დიდი შავი თანდაყოლილი ლაქით დაიბადა. მისმა დედამ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მკურნალობის პროგრესზე და ზოგადად, ლუნას მდგომარეობაზე ისაუბრა.
ლუნა თავის განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, ძალიან მხიარული და ენერგიულია. მისი ლაქა სუპერგმირის ნიღაბს მოგაგონებთ, ამიტომ ასე შეარქვეს: გოგონა ბეტმენის ნიშნით. ლუნა, მართალია, ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მისი მშობლები უკვე ბევრჯერ წააწყდნენ მისი დამცირების და შეურაცხყოფის ფაქტებს. ამიტომ მიზნად დაისახეს, რომ ლუნას ეს შავი ლაქა მოაშორონ.
"ორი თვის იყო, ეკლესიაში რომ წავიყვანეთ. ერთმა პატარა გოგონამ მიაქცია ყურადღება და გვკითხა, სახეზე რა აქვსო. "ღმერთო, ნამდვილი მონსტრია, ნუ უყურებ" - მკაცრად უთხრა ხნიერმა ქალმა, რომელიც მას ახლდა. სხვა რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევაც გვახსოვს. ბევრს უთქვამს, რომ მახინჯი და ავადმყოფია" - უამბობს ლუნას დედა, კერონ ფენერი გამოცემა "ლეტიდორს".
დედამ აშშ-ში შესაფერისი ექიმი ვერ ნახა. ერთხელ გოგონას შესახებ შემთხვევით რუსმა ექიმმა პოპოვმა გაიგო, რომელიც შეძრა გოგონას მდგომარეობამ. მან დახმარება შესთავაზა მშობლებს. კეროლმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვთან ერთად კრასნოდარში ჩავიდა, ხარჯების ანაზღაურებაში მას ქველმოქმედი ადამიანები დაეხმარნენ. მოგვიანებით ბებიაც შეუერთდათ. პირველი ოპერაციის შედეგები კეროლმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, თუმცა უარყოფითი შეფასებები მიიღო.
"პირველი ოპერაცის შემოდგომაზე ჩატარდა. ლაქა შუბლის მიდამოდან მოაცილეს. მეუბნებოდნენ, რომ შედეგი ცუდი იყო, რომ კანი დამწვარს ჰგავდა. ახლა კი ვამჩნევ, რომ კანი დღითიდღე უმჯობესდება და ვიცი, რომ მომავალში კიდევ უკეთ იქნება" - ამბობს კეროლი.
ექიმის თქმით, კიდევ წელიწადნახევარია საჭირო, რომ შემდეგი ოპერაციები ჩატარდეს და გოგონას ეტაპობრივად გაუთავისუფლონ სახე სიშავისგან. გოგონას ოპერაციის გადატანა არ გასჭირვებია, არც ტკივილები აწუხებს და ძველებურად მხიარულია.