"გიორგის დედა იმ საღამოს, ბოლოს პირველ საათზე ელაპარაკა, მაშინ ყველაფერი წესრიგში იყო... დილის 6 საათზე დარეკა გიორგის მეგობარმა და დავიწყეთ ძებნა... თურმე ბავშვი ცოცხალი აღარ გვყავდა..." - მშობლები

"გიორგის დედა იმ საღამოს, ბოლოს პირველ საათზე ელაპარაკა, მაშინ ყველაფერი წესრიგში იყო... დილის 6 საათზე დარეკა გიორგის მეგობარმა და დავიწყეთ ძებნა... თურმე ბავშვი ცოცხალი აღარ გვყავდა..."

2020-06-23 12:46:25+04:00

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ისევ უცნობია. ყველა ელოდება გამოძიებას. ამ დრომდე სამართალდამცავები ჰკითხავენ მოწმეებს. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და ამ დრომდე ისიც უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ენდობა და ელოდება ექსპერტიზის პასუხებს.

მირიან ნიკოლაძე:

- ბოლო წუთამდე მქონდა იმის იმედი, რომ გიორგის ცოცხალს ვიპოვიდით, რადგან 3 დღე და ღამე მშიერ მწყურვალი მაშველები ეძებდნენ გიორგის წყალში და ვერ პოულოდნენ, ამიტომ ვამბობდი, იმედი მაქვს, ცოცხალია მეთქი. მდინარის თემა თითქოს ნელ-ნელა ირიცხებოდა, რადგან გიორგი არ ჩანდა, მაგრამ მწარე რეალობის წინაშე დავდექით. ჩვენი იმედი არ გამართლდა. აღმოჩნდა, ბავშვი მდინარემ წაიღო, თურმე სილაში იყო ჩაფლული და იმიტომ ვერ პოულობდნენ. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ, უნდა გაიმიჯნოს დაზიანებები როდინდელია - გარდაცვალებამდელი თუ გარდაცვალების შემდგომი... მაშველებმა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს. ექსპერტიზა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ვიცით, რომ გიორგი მთვრალი არ იყო, მისი მეგობარი გურამი 3-4-ჯერ დაიკითხა უკვე.

გიორგი საოცრად კარგი ბიჭი იყო, ზრდილობიანი, მოწესრიგებული, უკონფლიქტო. სერიოზული სპორტსმენი, კარგად თამაშობდა, პერსპექტიული. უცხოეთიდან მოწვევები ჰქონდა და ფიქრობდა კიდეც წასვლაზე. როგორც ვიცით, წვეულებაზე კონფლიქტი თუ რაღაც საქმის გარჩევა მოხდა, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ გიორგი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

- მისი მეგობარი ამბობს, რომ გაიქცნენ, რადგან მანქანით აედევნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მდინარეში ფეხი დაუცურდა?

- ჩემი თვალით ვნახე ის ადგილი და ამას გამოვრიცხავ.

- ვიზუალურად ცხედარს დაზიანებები აქვს?

- დაზიანებები აქვს ბუნებრივია, სამი დღე მდინარეში იყო ბავშვი და ექნება... მაგრამ ყველაზე მთავარია გაირკვეს, რითი მიადგა ეს დაზიანებები, ეს არის სიკვდილამდე მიყენებული თუ შემდგომ, წყლის დინებით გამოწვეული.

- ცეცხლნასროლი ჭრილობა ხომ არ აღენიშნება?

- ვიზუალური დათვალიერებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ...

- რას ამბობენ ოჯახის წევრები, როდის შეიტყვეს გიორგის დაკარგვის ამბავი და რა უამბეს ოჯახს მისმა მეგობრებმა?

- გიორგის დედა იმ საღამოს, ბოლოს პირველ საათზე ელაპარაკა, მაშინ ყველაფერი წესრიგში იყო და მშვიდობა იყო, დილის 6 საათზე დარეკა გიორგის მეგობარმა, - სახლში ხომ არ მოსულაო და ამის შემდეგ დავიწყეთ ძებნა. რა ვიცოდით, თურმე ბავშვი ცოცხალი აღარ გვყავდა. ექსპერტიზა ჩატარდა. ათასი ნიუანსია, სიმართლე უნდა გაირკვეს. შესაძლოა დროში გაიწელოს საბოლოო დასკვნის დადება. ველოდებით ექსპერტების პასუხს. უნდა გაიმიჯნოს დაზიანებები. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე. თუმცა ამ ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. განადგურებულები ვართ. იხილეთ სრულად