რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ვალერი მელაძემ ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტებს და ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ისაუბრა ალბინა ჯანაბაევას გამოჩენაზე მის ცხოვრებაში და ასევე საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე.
ცნობილია, რომ წყვილი წლებია ერთად არის. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, როცა ძმებმა მელაძეებმა ჯგუფი "ვია გრა" ჩამოაყალიბეს, სწორედ იმ ვარსკვლავური შემადგენლობის სოლისტები იყვნენ ალბინა ჯანაბაევა და ვერა ბრეჟნევა, რომლებიც საბოლოოდ მათი ცოლები გახდნენ და მათთან ქორწინების გამო დაანგრია ორივე ძმამ მრავალწლიანი ქორწინება.
კონსტანტინს სამი შვილი ჰყავდა პირველ ცოლთან, ორი გოგონა და ვაჟი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. განქორწინების შემდეგ მისი ცოლი მეორედ გათხოვდა, რუს ბიზნესმენზე და აუტიზმის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა.
რაც შეეხება ვალერის, მას თავის ცოლ ირინასთან სამი ქალიშვილი ჰყავს (პირველი ვაჟი, რომელიც წყვილს ქორწინების შემდეგ მალევე შეეძინა, სამწუხაროდ, 10 დღისა გარდაიცვალა).
მყარ ოჯახად მიიჩნევდნენ მის ოჯახს, თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვალერის და ჯანაბაევას არა მხოლოდ რომანი ჰქონდათ, არამედ საერთო შვილიც ჰყავდათ, რომელიც მათი რომანის გასაჯაროების შემდეგ გამოჩნდა საზოგადოებაში. ვალერის ვაჟი კონსტანტინი ახლა 16 წლისაა.
ვალერიმ და ალბინამ ოფიციალურად 2014 წელს იქორწინეს. და იმავე წელს ალბინამ კიდევ ერთი შვილი გააჩინა - ლუკა. ასე რომ, ახლა ვალერი მელაძე 5 შვილის მამაა.
ლუკას ერთადერთი ფოტო არსებობს სოციალურ ქსელში, რომელიც კონსტანტინ მელაძის შვილმა გამოაქვეყნა - ფოტოზე ვალერი თავის ორივე ვაჟთან ერთად არის, ასევე არიან ფოტოზე ალბინა და კონსტანტინ მელაძე ქალიშვილთან ერთად.
რაც შეეხება ინტერვიუს, ვალერიმ აღნიშნა, რომ ალბინას და ვერას გამოჩენა მათ ჯგუფში და შემდეგ - ცხოვრებაში, ფატალური აღმოჩნდა.
"ალბინაც და ვერაც ჯგუფში ძალიან შემთხვევით მოხვდნენ. თუმცა უდიდესი გავლენა მოახდინეს ჯგუფზეც და ჩვენზეც... მე ვაანალიზებ ხოლმე მსგავს მოვლენებს, ოღონდ უკვე პოსტფაქტუმ: რა თქმა უნდა, წინასწარ არავის არაფერი დაუგეგმავს... საერთოდაც, მე ვუფიქრდები ხოლმე ჩემს ქმედებებს, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რასაც ჩემი სული ითხოვს", - ამბობს ვალერი.
საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზეც ჰკითხეს აჭარაში, ბათუმში დაბადებულ ვალერის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. ამ ეტაპზე ის ამ პერსპექტივას არ განიხილავს, რადგან უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს, საქმიანობს, იქვე აქვს ბიზნესი, ჰყავს შვილები და ა.შ.
ცნობისათვის, ბევრმა არ იცის, რომ ასევე შოუბიზნესშია ჩართული ვალერის და კონსტანტინის უმცროსი და ლიანა. ის საპროდიუსერო და ხმის ჩამწერი დიდი ცენტრის "ველვეტ მიუზიკის" დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა.
ლიანა მელაძე ძმებთან ერთად
აჭარიდან რუსეთში ბევრი წლის წინ გადაბარგებულ მელაძეებს ძალიან შეკრული ოჯახი აქვთ და და-ძმა ხშირად სტუმრობს ხანდაზმულ მშობლებს.
მელაძეები