პერის ჯექსონი პოპულარული მოდელი და დამწყები მსახიობია, თუმცა უმრავლესობისთვის ის ყოველთვის მაიკლ ჯექსონის ქალიშვილად დარჩება. პერისი პოპის მეფის სამი შვილიდან ერთადერთი გოგოა, დედამისი, დები როუ, მედდა გახლდათ, რომელიც მაიკლს ვიტილიგოს დიაგნოზისგან გათავისუფლებაში დაეხმარა.
მათმა ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა, ძირითადად, ის ფიქტიური იყო, თუმცა პერისს ძმაც შეეძინა, რომელიც წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა. პერისის ნათლიები მაკოლეი კალკინი და ელიზაბეტ ტეილორი არიან. ბავშვობა ნამდვილ საოცნებო რანჩოზე Neverland-ზე გაატარა, რომელიც მემკვიდრეობით მას არ ერგო. მისი თქმით, მაიკლი მისთვის მთელი სამყარო იყო და დღემდე ვერ შეგუებია მის ამ ქვეყნიდან წასვლას.
გოგონა მთელი ცხოვრება ცდილობს, მამის სიკვდილი გაითავისოს, თან მისი ვარსკვლავური ჩრდილიდან გამოვიდეს. მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებულმა სკანდალებმა და პირადმა განცდებმა გოგონაზე წარუშლელი კვალი დატოვა. 2012 წელს პერისი მსოფლიოს ულამაზეს გოგონად დაასახელეს, ამის მიუხედავად, 2017 წლამდე უკვე თვითმკვლელობის 4 მცდელობა ჰქონდა.
"ამბობენ, დროს ყველა ტკივილს კურნავსო, სინამდვილეში ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ტკივილით ცხოვრებას ეჩვევი" - ამბობს პერის ჯექსონი.
გოგონამ მოახერხა, ცნობილი მოდელი გამხდარიყო, გადაიღეს Rolling Stone-ისთვის, Teen Vogue-ისა და ბევრი ცნობილი ჟურნალისთვის. 2017 წელს მსხვილი კონტრაქტი გააფორმა Calvin Klein-თან და IMG Models-თან. ერთ წელიწადში კი საზოგადოებრივმა საქმიანობამ გაიტაცა და ლოს-ანჯელესში "ქალთა მარშში" მიიღო მონაწილეობა.
ევროპული გარეგნობისა და თეთრი კანის მიუხედავად, პერისი შავკანიანებთან აკავშირებს საკუთარ თავს და მშობლიურად მათ კულტურას მიიჩნევს. სოციალურ ქსელებში აქტიურია, ხშირად წერს ბლოგებს და ხალხს თავის განცდებს უზიარებს.
ბოლო წლებია, პერისი მთელი არსებით სამუშაოშია ჩაფლული, ათობით გარეკანზე გამოჩნდა, რამდენჯერმე ფილმებშიც ითამაშა. 2019 წელს კი Neverland-თან დაკავშირებული სკანდალის გამო კვლავ თვითმკვლელობა სცადა.
თუ პერისი თავის ემოციურ პრობლემებს გაუმკლავდება, შანსი აქვს, რომ მართლაც დიდი მოდელი გახდეს. მას აქვს სახელი და ფანტასტიკური გარეგნობა - ეს კი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ნამდვილად სერიოზული კაპიტალია.