ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გამაოგნებელი პლასტიკური პროცედურა გახდა პოპულარული და მოდური. ადამიანები გარეგნული სრულყოფილების დევნაში ათასნაირ სიახლეს იგონებენ და პლასტიკური ქირურგების დიდი ნაწილიც სიხარულით ჰყვება მათ ამ ახირებებში.
ამჯერად ახალი ტრენდია მსოფლიოში - ტუჩების „გაკერვა“. ოპერაციის მიზანი ტუჩების მოცულობის შემცირება და ფორმის შეცვლაა, თითქოსდა, უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. თუ ადრე ტუჩების გადიდება იყო უფრო მოდური, ახლა ცდილობენ, უფრო ბუნებრივი იერი მიანიჭონ და ძირითადად ისინი იკეთებენ ამ ოპერაციას, ვინც მანამდე ტუჩები გაიდიდა ან ფიქრობს, რომ ბუნებრივად დიდი ტუჩები აქვს და ცოტა შემცირება უნდა.
ოპერაციის დროს ქირურგი ტუჩის კანის ნაწილს ჭიმავს და ნაკერების ქვეშ აქცევს. ტუჩი პატარავდება და ახალი კონტური მიეცემა. ზოგიერთი პაციენტი იმასაც ითხოვს, რომ ზედა ტუჩის ცენტრში ისე გაიკეროს, დარჩეს სივრცე და დახურული ტუჩების შემთხვევაშიც იქმნებოდეს ეფექტი, თითქოს პირი ოდნავ ღიაა.
პროცედურა 40 წუთი გრძელდება და ადგილობრივი ნარკოზით კეთდება. ფასი 500 დოლარიდან იწყება.
პროცედურა მტკივნეული და უსიამოვნოა და არც ის არის ჯერ ცნობილი, რა შედეგები მოჰყვება. თუმცა სამწუხაროდ, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც „სრულყოფილი სილამაზის“ დევნაში არაერთ ოპერაციას იკეთებენ და ხშირად ფიზიკურ სიმახინჯემდე ან სრულ ფიზიკურ განადგურებამდეც კი მისულან, რისი არაერთი მაგალითი არსებობს.