რასთან არის დაკავშირებული მამაკაცების სტრესი და ღალატი ბავშვის დაბადების შემდეგ კანადისა და ლონდონის სამეცნიერო ინსტიტუტების ოჯახური ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მშობლები ყველაზე დიდ სიხარულსა და ბედნიერებას ბავშვის დაბადებიდან ორი წლის განმავლობაში განიცდიან.
მეცნიერების თქმით, დადებითი ემოციები მომავალ დედებსა და მამებში ყველაზე დიდ ზღვარს აღწევს ორსულობის და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ეს ეფექტი უფრო მეტად დედებში აღინიშნება, რაც არ არის გასაკვირი. მსგავსი განცდები ახლავს მეორე შვილის დაბადებასაც, აი მესამეს დროს კი ბედნიერებასა და სიხარულს უკვე სხვა განცდებიც ერევა – მორიგი შვილის დაბადება მშობლებისთვის მატერიალურ ტვირთსაც უკავშირდება, რომელიც მეტ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას და ემოციურ განცდებს ის მშობლები განიცდიან, რომლებმაც შედარებით მოწიფულ ასაკში გადაწყვიტეს ბავშვის გაჩენა (30-ის ზემოთ). ასევე ჩვეულებრივ ახალგაზრდა ჯანმრთელ წყვილებზე მეტად ბავშვი უხარიათ იმ შეყვარებულ წყვილებს, რომლებსაც დიდხანს უჭირდათ შვილის გაჩენა.
ბავშვის გაჩენასთან ერთად ბევრი რამ იცვლება მშობლების ცხოვრებაში. ეს ცვლილებები ყოველთვის სასიამოვნო არ ყოფილა. კიდევ ერთი კვლევით დადასტურდა, რომ შვილის დაბადების შემდეგ მამაკაცები თანდათან კარგავენ სექსისადმი ინტერესს.
სამეცნიერო კვლევა 21-დან 26 წლამდე ასაკის 400-მდე ახალგაზრდას ჩაუტარეს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ახალგაზრდა მამაკაცების სექსუალური ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ ნაკლებად მრავალფეროვანი ხდება. ექსპერტების აზრით, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ შვილის დაბადებას თან ახლავს სერიოზული ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებები. ამ დროს იკლებს ტესტოსტერონის დონე, შესაბამისად, მამაკაცებს სექსისადმი ინტერესი უმცირდებათ. მეცნიერების თქმით, სქესობრივი ჰორმონის დონე მამაკაცებში ცოლის მოყვანის შემდეგ კლებულობს, ბავშვის დაბადება კი უბრალოდ აღრმავებს ამ პროცესს.
ამასთან დაკავშირებით მამაკაცს სერიოზული სტრესი აქვს, რასაც ძალიან ხშირად სახლის გარეთ გაჩაღებული სასიყვარულო კავშირებით ებრძვის და თითქოს უმტკიცებს თავს, რომ ისევ ისეთია, როგორიც ადრე იყო. ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს მოსაზრება წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როცა დაადგინეს, რომ მამაკაცების ღალატის 82% ბავშვის დაბადების შემდეგ მოდის – ზემოაღნიშნულ სტრესს და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ისიც ემატება, რომ ცოლს ახლა გაცილებით მეტი საზრუნავი აქვს და ცოლქმრული მოვალეობებისა და ურთიერთობებისთვის ისე ვეღარ იცლის, როგორც ეს კაცს სურს.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს