თბილისში ახალგაზრდებს შირის კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ამავე ასაკის ქალის დაწვა სცადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაზარალებულის ერთ-ერთი მეზობელი პოსტს ავრცელებს.
"ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. "ტიპმა" ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნეთი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს, თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი, არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო, მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით, რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა, არ ვიცი, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ" - ნათქვამია პოსტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში მკურნალობს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განმარტებით, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.
„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, - აცხადებს ქაშიბაძე.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.