22 ნიკოლოზ მელნიკოვი საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. ბიჭმა წვიმიან ამინდში საკუთარი ტანსაცმელი მიუსაფარ ძაღლს შემოახურა. ემოციური კადრები ქალაქ ქუთასის მერიის თანამშრომელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებისთანავე სრულიად საქართველომ აიტაცა.
mshoblebi.ge დაინტერესდა, რას საქმიანობს ახლა ნიკოლოზი და რას გეგმავს სამომავლოდ.
- ნიკოლოზ, გაიხსენე ის დღე, როცა შენი საქციელის გამო მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოხვდი, როგორი რეაქცია გქონდა?
- იმ დღეს ლეკვები მიმყავდა გასაჩუქებლად, სრულიად შემთხვევით წავაწყდი შავტუხას, ხის ძირას იჯდა და ყველა გამვლელ-გამომვლელს აკვირდებოდა, კანკალებდა, ვერ შეველიე, რაღაცით უნდა დავხმარებოდი, თუნდაც გამეთბო და შეეწყვიტა კანკალი. გადავწყვიტე, ჩემი მაისური შემომეხურებინა მისთვის, როგორც ჩანს, მოეწონა და ზედ დაწვა. ძალიან გამიხარდა, ემოციური კადრი დატოვა ჩემს გონებაში, რაც არასდროს დამავიწყდება.
რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, ზოგმა ცუდად მიიღო ჩემი ჟესტი. ცხოველებს კი არა, ადამიანებს მოგვხედეო. სამწუხაროდ, ზოგიერთებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ ცხოველების მიმართ. ნეგატიური კომენტარები და რეაქციები მძაბავს. ზოგადად არ მიყვარს, ჩემზე ამდენს რომ საუბრობენ, რადგან ეს მხოლოდ ჩემი საყვარელი საქმეა და ვფიქრობ, რომ ასე გამოკვეთილად არ უნდა ვჩანდე. არიან ადამიანები, რომლებიც სასაცილოდ აღიქვამენ ამას და ცუდი კუთხით უდგებიან, შეშლილი ჰგონიხარ. მათმა აზრმა რაღაც მხრივ არ უნდა გაგიელვოს გონებაში, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე. ცხოველების მოვლა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
- ახლა რას საქმიანობ, სად ცხოვრობ, რით ხარ დაკავებული?
- პირველ რიგში ვიტყვი, რომ მიყვარს ცხოველებთან ურთიერთობაა და მათი მოვლა-პატრონობა. ვცხოვრობ ქუთაისში და ვმუშაობ ერთ-ერთ მარკეტში. სამსახურის დასრულების შემდეგ ძაღლებთან მივდივარ და როგორც შემიძლია, ჩემი სახსრებით ვაჭმევ მათ. კატებიც მიყვარს, ქუჩიდან აყვანილი კნუტიც მყავს და ძაღლიც.
- როგორც ვიცით, ვეტერინარობას გეგმავდი, სწავლობ ამ მიმართულებაზე?
- სამწუხაროდ, ვერა. სწავლას ვაპირებდი ვეტერინარიაზე ერთ-ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ ქუთაისის უნივერსიტეტმა შემომთავაზა, მათთან მესწავლა 50%-იანი დაფინანსებით და დავთახმდი, მერე გავიგე, რომ აკრედიტაცია არ აქვს გავლილი და ასე დავრჩი, როგორც მითხრეს, აკრედიტაციის გავლაში პანდემიამ შეუშალათ ხელი.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
- ვეტერინარი მინდა გამოვიდე. ასევე ვაპირებდი საკუთარი თავშესაფრის გახსნას, სადაც ცხოველები მეყოლებოდა და იმაზე კარგად მოვუვლიდი, ვიდრე თავშესაფარში უვლიან. ზოგ თავშესაფარში ცუდად ჰყავთ ძაღლები და როგორც საჭიროა, ისე არ უვლიან მათ. ქუთაისშიც ბევრია მიუსაფარი ცუგები, კორპუსის მცხოვრებლები დევნიან, რადგან აწუხებენ. არიან ისეთებიც, რომელთაც უყვართ ცხოველები და საკვებს უწილადებენ.
რუსკა კილასონია