საქართველოში ლეღვის ფოთლის ნახარშით პირველი დამწვრობა 10 წლის წინ დაფიქსირდა - 15 წლის გოგონამ რუჯის მიღების მიზნით, სხეულზე აღნიშნული ნახარშის წასმა სცადა.
გაუფრთხილებლობით მიღებული სხეულის ეს დაზიანება ექიმებისთვის უცნაური აღმოჩნდა. მას შემდეგ კი, ყოველ ზაფხულს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 6-7 პაციენტი მაინც ჰყავთ. წელს პანდემიის პირობებში აღარ ელოდნენ, ვინმეს კიდევ თუ მოუვიდოდა თავში მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტი მაინც დაფიქსირდა...
ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, ამ ნახარშით რატომ იწვავენ ადამიანები თავს და როგორ აფასებს ფაქტს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე - ამის შესახებ მან AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:
- სანამ ღეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარ პაციენტს პირველად ვნახავდი, უფროსი კოლეგებისგან ვიცოდი, რომ ლეღვის ფოთლის წვენი ქიმიურ დამწვრობას იწვევდა მაშინ, როდესაც ბავშვები თამაშ-თამაშით მისგან სხეულზე ხელოვნურ ტატუს იკეთებდნენ, ტანზე ისვამდნენ და წარწერებს იკეთებდნენ. მაგრამ ვინმეს ფოთლები რომ მოეკრიფა, მოეხარშა და მერე წვენი იმისთვის გამოეყენებინა, ვითომ გარუჯულიყო, ასეთი არაფერი მახსოვს...
ეს პაციენტს მეტ საფრთხეს უქმნის, მალამოს წასმა აღარ შველის და გადასხმას, სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებენ, ამასთან, მონიტორინგს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ დამწვრობით რეანიმაციაშიც აღმოჩენილან. წელიწადში 3-7 ფაქტი მაინც ფიქსირდება. ყოველ ჯერზე, მსგავსი დამწვრობით პაციენტს აღარ ველოდებით, მაგრამ ასე არ ხდება...
წლევანდელი ფაქტი ტელევიზიებთან აღარც გაგვიჟღერებია. ვეცადეთ, ეს ინფორმაცია ნაკლებად გავრცელებულიყო, რადგანაც ვიფიქრეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ვახსენებთ და არ ვისაუბრებთ მასზე, მოსახლეობას დაავიწყდება-თქო.
საერთოდ, მგონია, რომ გარუჯვის მიზნით, ლეღვის ნახარშის გამოყენება იმ პირველი დამწვრობიდან გავრცელდა, როდესაც 10 წლის წინ 15 წლის გოგონა პირველად დაიწვა... თითქოს ადამიანებს ამისკენ ბიძგი იმ სიუჟეტებმა მისცა. აბა, ლიტერატურაში ამას არსად ამოიკითხავდნენ, რადგანაც ასეთი რამ იქ არ არსებობს. განაგრძეთ კითხვა