ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს
ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს
თუ თქვენ ხმა ჩაგეხლიჩათ და ეს ორ კვირას ან მეტი ხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მიმართოთ. ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მას დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას. ხმის ჩახლეჩა არის ხმის ტემბრის ნებისმიერი ცვლილება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ცვლილება იქნება - ხმის დაბოხება თუ სრული ან ნაწილობრივი წართმევა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პრობლემა და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უმეტესად ხმის ჩახლეჩის მიზეზი ყელში მცირე წანაზარდებია, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს. საწყის
ეტაპზე კი ლაზერის გამოყენებით მიკროქირურგიულად მათი მოშორება 15 წუთშია შესაძლებელი. ხმის ჩახლეჩასა და მასთან დაკავშირებულ გართულებებზე, ოპერაციასა და რეაბილიტაციაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ბერდია ბერიძე გვესაუბრება.

- რა იწვევს ხმის ჩახლეჩას?

- ხმის ჩახლეჩის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს, მათ შორის, ორგანული დაზიანებები. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად ხდება ხმის ჩახლეჩის გამომწვევი. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის მერე რიგ შემთხვევებში ზიანდება შებრუნებითი ნერვი, რომელიც სახმო იოგებთანაა კავშირში და აღნიშნულმაც შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა. კუჭის პრობლემა, როგორიცაა რეფლუქსი ასევე შეიძლება გახდეს ხმის ჩახლეჩის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა შედარებით ხ
ანმოკლეა. შემთხვევები, როდესაც ხმის ჩახლეჩა გრძელდება 2 კვირა ან უფრო მეტი, როგორც წესი, სახმო იოგებზე ახალწარმონაქმნით არის განპირობებული. წარმონაქმნი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი საყურადღებოა და დროული ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს.
არსებობს კვანძები, რომლებსაც მომღერლის კვანძებს ვუწოდებთ და როგორც წესი, მომღერლებს, ტელეწამყვანებს, მასწავლებლებს, ლექტორებს ემართებათ. ეს არის პროფესიული დაავადება და სახმო აპარატის განსაკუთრებული დატვირთვით არის გამოწვეული.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ხმის ჩახლეჩა საყურადღებოა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- ხმის ჩახლეჩა საყურადღებოა, როდესაც ის გრძელდება 2 კვირას და მეტ ხანს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომ მიზეზის დადგენა მოხდეს. შეიძლება ხმის ჩახლეჩა ვირუსული ინფექციითაც იყოს განპირობებული და ის ერთ კვირაში დასრულდეს. ამ დროს საგანგაშო არაფერი ხდება. თუმცა, თუ ეს 2 კვირა გაგრძელდა, სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია.

- რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ხმის ჩახლეჩის შემთხვევაში დროულად არ მივმართავთ ექიმს?

- ზოგადად, ხორხის პათოლოგია, განსაკუთრებით, მამაკაცებში საყურადღებოა. ის მარტივად შეიძლება გადაგვარდეს და ავთვისებიანი სიმსივნე გახდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული და ზუსტი დიაგნოსტირება. საწყის ეტაპზე მარტივი ქირურგიული ჩარევა ხდება და მკურნალობაც უფრო შედეგიანია. ნაკლებია რისკი იმისა, რომ ავთვისებიან პროცესში გადაიზარდოს დაავადება.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

- დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები მარტივი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევენ, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. დრეკადი ფიბროლარინგოსკოპი არის პატარა კამერა, რომლის საშუალებითაც ცხვირიდან გადავდივართ ხორხში და პირდაპირ ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას. აპარატი აკეთებს ვიდეოჩანაწერსაც და საჭიროების შემთხვევაში, მარტივია კონკრეტული შემთხვევის კონსილიუმზე განხილვა. პროცედურა საერთოდ არაა მტკივნეული და არც დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

- რა სახის ქირურგიული ჩარევა ხდება ხმის ჩახლეჩის დროს?

- თუ პრობლემის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე ხდება, მაშინ ქირურგიული ოპერაცია ძალიან მარტივია. ეს არის ხორხის მიკროქირურგია, რომელიც ზოგადი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 15 წუთია. პოსტოპერაციულად გართულებები არ გვაქვს.
ამ პროცედურისთვის ვიყენებთ თანამედროვე ლაზერს, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად ხდება ახალწარმონაქმნების მოშორება. ოპერაციის მიმდინარეობისას სისხლდენა პრაქტიკულად გამორიცხულია. რეაბილიტაციაც სწრაფად მიდის, რადგან ძალიან დამზოგველი ოპერაციაა.
ხოლო თუ არ მოხდა ექიმთან დროული მიმართვა და პროცესი შორს წასულია, უფრო რთულია ქირურგიული ჩარევაც. ამ შემთხვევაში გვჭირდება ტომოგრაფია კისრის რბილი ქსოვილების კონტრასტით. აუცილებელია, ბიოფსია ჩატარდეს და გავიგოთ რა ტიპის ავთვისებიან წამონაქმნთან გვაქვს საქმე. ამ კვლევების შედეგების მიხედვით იგეგმება ოპერაციული ჩარევის მასშტაბი. თუ წარმონაქმნი ჩაზრდილია, უკვე ისეთი რადიკალური ჩარვაა საჭირო, როგორიცაა ხორხის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა. ამ შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდიც საკმაოდ რთულია.
სწორედ ამიტომ ხმის ჩახლეჩის მკურნალობის დროს აუცილებელი პრინციპია, რომ მიმართვა მოხდეს დროულად და რადიკალური ჩარევა არ გახდეს საჭირო.

- ოპერაციის შემდეგ რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?

- პოსტოპერაციული პერიოდი ძალიან მარტივია. ერთადერთი რეკომენდაცია არის, რომ ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაზოგოს ხმა, რომ შეხორცების პრობლემა არ შეექმნას და სამომავლოდ ხმის პრობლემა არ ჰქონდეს.
ოპერაციის შემდეგ გამორიცხული უნდა იყოს თამბაქოს მოხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეციდივის შანსი ძალიან იზრდება. თუ საწყის ეტაპზე წანაზარდი კეთილთვისებიანი იყო, შემდეგ ის უკვე ავთვისებიან ფორმაში შეიძლება დაბრუნდეს.

- შესაძლებელია თუ არა ხმის ჩახლეჩის ოპერაციის გარეშე მკურნალობა?

- ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, როდესაც წარმონაქმნთან გვაქვს საქმე. თუ ხმის ჩახლეჩა გამოწვეულია ანთებით ან რეფლუქსით, მაშინ მკურნალობა ხდება ადგილობრივი საშუალებებით.

- უმეტესად, რა ასაკის ადამიანებს აწუხებთ ხმის ჩახლეჩა?

- სტატისტიკურად, ხორხის პათოლოგიების ასაკის ძირითადი დიაპაზონი არის 40 წლიდან 65 წლამდე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ემართებთ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსის ფონზე ან ძლიერი ყვირილის დროს მიკროსისხლჩაქცევა მოხდეს და შედეგად დაეკარგოს ხმა. ხმის ჩახლეჩის შემთხვევები საკმაოდ ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით, მამაკაცებში.

- როგორ უნდა მოვუაროთ ყელს და ხორხს, რომ ხმის პრობლემებმა არ შეგვაწუხოს?

- ხორხის პრობლემების ერთ–ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი არის ნიკოტინი. სიგარეტის ცხელი ბოლი, რომელიც ხვდება სახმო იოგებზე, დაავადების პირდაპირი მაპროვოცირებელია. ამიტომ უარი უნდა ვთქვათ თამბაქოზე. ასევე, მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ზომიერი მიღება. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ადგილობრივ ტრავმებს, რომელსაც იწვევს ყვირილი და უეცარი წამოყვირებები.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალს 2 190 190

324
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?