შემთხვევას, რომელიც შარშან ოქტომბერში მოხდა, მსოფლიო რეზონანსი ჰქონდა. ავიაკომპანია Hong Kong Airlines-ის 41 წლის მფრინავი, ბრიტანეთის მოქალაქე ბარაკატ მოჰამედი ყაზახეთის სასტუმროში დააპატიმრეს შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. მოჰამედი ყაზახეთში, ყაზახი მეუღლის - 22 წლის მადინას სამშობლოში მოგზაურობდა და ადგილობრივ სასტუმროში ისვენებდა. სწორდ სასტუმროში მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც ის დააპატიმრეს და ახლა საქმის ხელახლა გადახედვას ითხოვს.
როგორც ძიების ჩანაწერებიდან ირკვევა, მფრინავი დილის 7 საათზე დაბრუნდა ნომერში, არაფხიზელ მდგომარეობაში. ცოლს ეჩხუბა და რამდენჯერმე თავში დაარტყა. 22 წლის მადინა ჰოლში ყვირილით გამოიქცა, რომ შველა ეთხოვა. ხმაურზე მათმა 1 წლის ქალიშვილმა სოფიამ გაიღვიძა.
როგორც ყაზახი გამომძიებლები ამტკიცებენ, ბავშვი ატირდა და მთვრალმა ბარაკატმა ის ხელში აიყვანა, რის შემდეგაც სასტუმროს კედელს მიანარცხა. როცა გააცნობიერა, რომ ბავშვი აღარ მოძრაობდა, შემოსასვლელ კართან დააწვინა...
ბავშვს პირველი დახმარება სასტუმროს თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. გულისცემა აღუდგინეს კიდეც, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოჰამედი დააპატიმრეს და ბრალიც წაუყენეს. თუმცა მისი ადვოკატები მაშინვე ამტკიცებდნენ, რომ მას განზრახ არ მოუკლავს შვილი - მთვრალი დავარდა და მთელი ტანით დაეცა ზედ ბავშვს, რამაც გამოიწვია ტრავმები. ასევე იცავდა ქმარს მადინა, რომელიც ამბობდა, რომ თავად ჰოლში იყო გასული და არ დაუნახავს რა მოხდა. მოჰამედის ახლობლები ყაზახურ მხარეს მიკერძოებაში და არასამართლიან გამოძიებაში ადანაშაულებენ. მოჰამედმაც გადაწყვიტა, საქმის ხელახალი გადახედვა მოითხოვოს, რადგან "სისხლის სამართლის საქმეში არ არის უდავო და საფუძვლიანი მტკიცებულებები, რაც მის ბრალს ადასტურებს მისი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალებაში".
პოლიციას სხვა ვერსიები არც განუხილავს, ძალადობრივი სიკვდილის გარდა. ამიტომ ადვოკატები ახლა ელიან ახალ გადახედვას და დიდი იმედი აქვთ, რომ მოჰამედის საქმე გადაკვალიფიცირდება, როგორც არაგანზრახ მკვლელობა.