როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენს შვილს დიარეა არ დაემართოს - პედიატრის რჩევები - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენს შვილს დიარეა არ დაემართოს - პედიატრის რჩევები

2020-07-08 07:49:50+04:00

ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატებს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, დიარეული დაავადების რაოდენობა. მიზეზი კი ის არის, რომ მაღალ ტემპერატურაზე ინფექცია მარტივად ვრცელდება. აღნიშნული დაავადებების პიკი კი ყოველწლიურად აჭარაში, ზღვის სანაპირო ქალაქებში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი მშობელი ბავშვის ზღვაზე წაყვანას ერიდება. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ბავშვის დიარეას ენტეროვირუსს უკავშირებენ ხოლმე. თუმცა პედიატრიული კლინიკა „Mმედი 22-ის“ კლინიკური დირექტორი, პედიატრი თემო თურმანიძე განმარტავს, რომ რეალურად ენტეროვირუსს ნაწლავურ ინფექციასთან კავშირი არ აქვს.

დიარეაზე დეტალურად სწორედ თემო თურმანიძე გვესაუბრება.

- რა არის დიარეა?

- ითვლება, რომ დიარეაა, როცა ნაწლავთა მოქმედება არის დღეში სამჯერ და მეტად, და განავალი გამოიყოფა ხმაურით, აქვს მძაფრი სუნი, თხიერი და წყლიანია. დიარეა ყველაზე ხშირად გვხვდება 6 თვიდან 2 წლამდე ასაკში, ხშირია ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს აქვთ ფაფისებრი განავალი, მაგრამ ეს არ არის დიარეა. ხშირი, მაგრამ ნორმალური განავალი არ არის დიარეა.

2 კვირამდე ხანგრძლივობის დიარეა არის მწვავე, 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის -პერსისტული დიარეა.

- რა იწვევს დიარეულ დაავადებებს?

- გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსები,ბაქტერიები, პარაზიტები.

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ დიარეის უხშირესი მიზეზი არის ენტეროვირუსი, მცდარია. რეალურად ენტეროვირუსს კავშირი ნაწლავურ ინფექციასთან არ აქვს. ეს ვირუსი სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. დიარეის გამომწვევი ხშირად როტავირუსია, ბაქტერიებიდან ხშირი მიზეზია სალმონელა, შიგელა. პარაზიტებიდან-ლამბლია.

დიარეის ხშირი მიზეზია აგრეთვე საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, როცა დაბინძურებულ საკვებში არის მზა ტოქსინი.

- რატომ არის საშიში დიარეა ბავშვებში?

- ძირითადი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, შოკი.

გაუწყლოება დგება მაშინ როცა ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალსა და მარილებს. ორგანიზმი კარგავს საკვებ ნივთიერებებს. გაუწყლოება უფრო სწრაფად ჩვილ, მცირეწლოვან, მცირეწონიან ბავშვებს უვითარდებათ, უფრო ხშირად ცხელ კლიმატში და ცხელების დროს.

დიარეის დროს ქვეითდება ნაწლავის ფუნქცია, ირღვევა შეწოვის პროცესი, რის გამოც წყალი და მარილები ნაკლებად გადადის სისხლში და მეტი რაოდენობით ხვდება განავალში.

- როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა გაუწყლოების ხარისხი, რომ დროული რეაგირება მოახდინოს?

- მშობელს ექიმმა უნდა განუმარტოს, რის მიხედვით შეფასდეს გაუწყლოება სახლის პირობებში. ეს პუნქტებია:

ზოგადი მდგომარეობა- კარგად გრძნობს თავს, ხალისიანია? მოუსვენარია, აღგზნებულია, მივარდნილია, ძილიანია? წყურვილი - ნორმალურად სვამს, ხარბად სვამს, ვერ იღებს, მიღებულს აღებინებს. თვალები - ნორმალური, ჩაცვენილი, ძალიან ჩაცვენილი. ტირის ცრემლით თუ უცრემლოთ. ენა - სველია, მშრალია, ძალიან მშრალია. მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოების შემთხვევაში დიარეის დროს შესაძლებელია მისი მართვა სახლის პირობებში - საჭიროა დიდი რაოდენობის სითხეების მიწოდება.

- შესაძლებელია თუ არა დიარეის სახლის პირობებში მართვა და როგორ?

- ექიმამდელი დახმარება მოიცავს შემდეგ 3 წესს:

მიეცით ბავშვს ჩვეულებრივზე მეტი სითხე. (ORS, წყალი, თხევადი სუპი, თხევადი იოგურტი, მაწონი, კეფირი) ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ 50მლ-დან 200მლ-მდე სითხე. მიეცით ბავშვს საკმარისი რაოდენობით საკვები (დედის რძე ხშირად; მოზრდილ ბავშვს- ბოსტნეული, ხორცი ან თევზი, მარცვლეული საკვები პროდუქტები, რძის პროდუქტები. შეზღუდეთ ხილი) საკვები მიაწოდეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ 3 დღის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან მას გამოეხატა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი საშიშროების ნიშანი:

ნაწლავთა გახშირებული მოქმედება სითხის უხვად შემცველი განავლით.

განმეორებითი ღებინება. გამოხატული წყურვილი. ბავშვი ცუდად სვამს ან ცუდად იღებს საკვებს. ცხელება სისხლი განავალში ძილიანობა, ლეთარგია.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დიარეა ბავშვებში თავიდან ავიცილოთ?

- დიარეის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენური წესების დაცვას და კვების რაციონალურ რეჟიმს. ოთხიდან-ექვს თვემდე საჭიროა ბავშვის მხოლოდ დედის რძით კვება. სწორად უნდა შეირჩეს დამატებითი საკვები 4-6 თვიდან , საკვების კონსისტენცია ასაკის შესაბამისად უნდა შეირჩეს, ბავშვმა უნდა მიიღოს მხოლოდ ახლად მომზადებული საკვები და სუფთა სასმელი წყალი. სითხის და რძის მიღება საბავშვო ბოთლების ნაცვლად უნდა ხდებოდეს ჭიქის და კოვზის მეშვეობით. ოჯახის წევრებმა უნდა დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური წესები და საკვების მომზადება მოხდეს სუფთა ხელებით, სუფთა ჭურჭელში, დაცულ იქნას მომზადებული საკვების შენახვის წესი.