ჟურნალ Elle-ის იაპონურმა ვერსიამ მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის თავში ქართული წარმოშობის მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა.
დიდი სპორტი სუსტების საქმე არაა და აქ მკაცრი წესები მოქმედებს. მწვრთნელები ხშირად არ ინდობენ თავიანთ სპორტსმენებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად მათი მეთოდები საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი ხდება. ცოტა ხნის წინ Elle-მა ყველაზე ტოქსიკური, ანუ ყველაზე სასტიკი მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა, რომლის თავშიც რუსეთში მოღვაწე ეთერ თუთბერიძეა. სტატიის ავტორის თქმით, რუსი სპორტსმენების მწვრთნელი ძალიან სასტიკია, ამიტომაც ჩემპიონი ფიგურისტები ხშირად მისგან მიდიან ან საერთოდ უარს ამბობენ სპორტული კარიერის გაგრძელებაზე.
სტატიაში მოხსენიებულია იულია ლიპნიცკაია, 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გოგონა ანორექსიით იტანჯებოდა და ადრე დაასრულა სპორტული კარიერა. არც ისე დიდი ხნის წინ თუთბერიძესთან მუშაობაზე უარი თქვეს ალექსეი ეროხოვმა და ალექსანდრა ტუსოვამ. მსოფლიო ჩემპიონი ახლა ვიქტორ ბუცაევთან ვარჯიშობს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტუსოვა კი ევგენი პლუშენკოს გუნდში გადავიდა.
რაც შეეხება თავად ეთერ თუთბერიძის განმარტებას მის სიმკაცრეზე, მედიას ადრინდელ ინტერვიუში ასეთი პასუხი გასცა: "მითია ის, რომ მე მკაცრი და სასტიკი ვარ. უბრალოდ, მკაცრი და უხეში ლაპარაკი ვიცი. შემიძლია სიტყვით დავსაჯო ადამიანი", - განაცხადა თუთბერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ეთერ თუთბერიძე ერთ-ერთ უძლიერეს მწვრთნელად მიიჩნევა. რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების საუკეთესო წევრები ხშირად მისი აღზრდილები არიან. მის მიერ გაწვრთნილ სპორტსმენებს მოგებული აქვთ ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები.
რაც შეეხება ოჯახს, ეთერს ამერიკელი ქმარი ჰყავდა, რომლისგანაც ეყოლა ქალიშვილი დიანა დევისი. გოგონა ასევე ფიგურულ სრიალს გაჰყვა და წყვილებში ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ბავშვობიდან ავარჯიშებს დედა და წარმატებულ მოცეკვავედაც აქცია. გოგონას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.
2 წლიდან სენსონერვული სმენის დაქვეითება აქვს. იმის გამო, რომ ძალიან ცუდად ესმის, ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდა. თუმცა როგორც თავად ყვება, დედა ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვს და არასოდეს არაფერს უთმობდა, იმის მიუხედავადაც, რომ შვილი იყო. ამან ის ბევრად გამოაწრთო და გაცილებით ქმედუნარიანი და მებრძოლი გახადა.