ჯაბრაილი, სულუმბეკი, ისლამი და თამერლან დულატოვები ჩეჩენი ძმები არიან, რომლებიც მსოფლიო პოდიუმებს იპყრობენ და თან
ტრადიციებსა და ენას ინარჩუნებენ.
დულატოვების ოჯახი გერმანიაში საცხოვრებლად 13 წლის წინ გადავიდა. ბიჭებმა ადვილად ისწავლეს ენა და ახლა თავისუფლად ფლობენ გერმანულს. ჯაბრაილი 14 წლის ასაკში მოულოდნელად აღმოჩნდა დიუსელდორფში. ამაზე უკეთესი ადგილი სამოდელო კარიერის დასაწყებად, არ არსებობს. სწორედ აქ დაიწყო პროფესიული კარიერა კლაუდია შიფერმა და ჰაიდი კლუმმა.
ჯაბრაილის კარიერა უცნაურად დაიწყო. მაღაზიაში სალაროსკენ მიმავალ გზაზე რიგში იდგა, როდესაც ერთმა ქალმა ყურადღება მიაქცია. ჰკითხა, სურდა თუ არა სამოდელო ბიზნესში ჩართვა და უამრავი კომპლიმენტი უთხრა.
"არა, მე ჩეჩენი ვარ და ჩემთვის კამერის წინ პოზიორობა არ შეიძლება"- ჩაილაპარაკა ჯაბრაილმა.
ქალმა მას ურჩია, რომ ჯერ მშობლებს დალაპარაკებოდა და მერე მიეღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მამას ამ თემაზე არაფრის მოსმენა სურდა და წინააღმდეგი იყო, თუმცა 16 წლის ჯაბრაილმა მაინც მოახერხა მისი დარწმუნება. ოჯახი კასტინგზე ერთად წავიდა.
"ისლამის მიხედვით, მუხლს ზემოთ ყველაფერი იკრძალება. მე კი მორწმუნე ჩეჩენი ვარ"- განაცხადა ჯაბრაილმა.
ჯაბრაილმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტო IMG Models-თან კონტრაქტს, რა დროსაც მენეჯერმა სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში ძმებთან ერთად გადაღებული ფოტო აღმოაჩინა. ის მაშინვე დაინტერესდა ბიჭებით და კასტინგზე მიიწვია. რთული დასაჯერებელია, მაგრამ, ახლა ოთხივე ერთად მუშაობს.
საზოგადოება მიჩვეულია, რომ მოდელები გამუდმებით დადიან სხვადასხვა სადღესასწაულო ვახშამსა და ღონისძიებაზე, თუმცა დულატოვების შემთხვევაში პირიქითაა. ბიჭები აქტიურად არიან სპორტში, იკვებებიან ჯანსაღად, ალკოჰოლი და სიგარეტი კი მათთვის ტაბუდადებულია.
"გადაღებიდან არასდროს წავალ წვეულებაზე. გადაღლილი დღის შემდეგ დასვენება და ძილი მირჩევნია"- ამბობს 22 წლის სულუმბეკი.
მიუხედავად ძალიან წარმატებული სამოდელო კარიერისა, ძმები მაინც სულ სხვა რამეზე ოცნებობენ. ეს MMA -ს მოგებაა. ისინი დატვირთული სამოდელო გრაფიკის მიუხედავად, აქტიურად ვარჯიშობენ და ტურნირზე გასასვლელად ემზადებიან.