"ორ წლამდე ასაკის ბავშვმა ეკრანთან არც ერთი წუთი არ უნდა გაატაროს!" - ივანე ჩხაიძე - მშობლები

"ორ წლამდე ასაკის ბავშვმა ეკრანთან არც ერთი წუთი არ უნდა გაატაროს!" - ივანე ჩხაიძე

2020-07-15 17:28:23+04:00

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე მშობლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა ჟურნალისტებისა და ექიმების ინიციატივით შექმნილი "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მეგი საჯაიას. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს ამ საუბრიდან:

როგორი უნდა იყოს კარანტინის შემდგომ ჩვენი შვილების კვების რაციონი და რა დრო უნდა გაატარონ სუფთა ჰაერზე?

კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ე.წ. კვების პირამიდას, რომლის მიხედვითაც პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად მისაღები პროდუქტები პირამიდის ფუძეზეა: პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი, ქერი; ასევე ბოსტნეული და ხილი; ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი; რძის პროდუქტები — რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი. პირამიდის მწვერვალზეა პროდუქტები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღონ: ცხოველური (ნაჯერი) ცხიმები (კარაქი, მარგარინი და სხვ.) და ტკბილეული, გაზიანი სასმელები. სწორი კვება თქვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტიას წარმოადგენს!

ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ვისაუბროთ პრევენციასა და ვაქცინაციაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ წესები და რეკომენდაციები დავიცვათ არა მხოლოდ ჯარიმების შიშით, არამედ შეგნებულად. რეალურად, დღეისათვის ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ჩვენ სხვადასხვა რესპირაციული და ნაწლავური ინფექციებისგანაც გვიცავს.

სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის სხივებთან შეხება ძალიან მნიშვნელოვანია! უბრალოდ, საჭიროა წესების დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება. ასეთი ხალხმრავლობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, პირველ რიგში, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს. მითუმეტეს, უკვე დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, რომლის პირველწყაროც უცნობია.

სამწუხაროდ, კარანტინი დაემთხვა გაზაფხულს, როცა ბავშვები უფრო ხანგრძლივად უნდა იყვნენ გარეთ, რათა მათმა ორგანიზმმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად D ვიტამინი გამოიმუშაოს, ორგანიზმში D ვიტამინის საჭირო რაოდენობა ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია. ასე რომ, აუცილებლად გაიყვანეთ ბავშვები ნახევარი საათით მაინც სუფთა ჰაერზე. უბრალოდ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, გააკონტროლოთ ბავშვი, ხელით არ შეეხოს დაბინძურებულ საგნებს და შემდეგ ლორწოვან გარსებზე არ გადაიტანოს დაავადების გამომწვევი. ჩვენ ვნახეთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, კორონავირუსზე დიდი საფრთხე მათი იმუნიტეტის დასუსტებაა, რომლის მიზეზიც არასწორი კვება, უმოძრაობა, D ვიტამინის ნაკლებობა და ეკრანზე მიჯაჭვულობა შეიძლება, გახდეს.

ეკრანზე მიჯაჭვულობის პრობლემა

...ვეცდები, მოკლედ აგიხსნათ ის ზიანი, რაც ეკრანმა შეიძლება, მოუტანოს თქვენს პატარას. სულ ახლახან ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, სადაც მოყვანილია მონაცემები, თუ რა ასაკში და რა დროით შეიძლება, ბავშვმა ეკრანთან დაჰყოს.

ორ წლამდე ასაკის ბავშვმა ეკრანთან არც ერთი წუთი არ უნდა გაატაროს. დიახ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ურთიერთობა კატეგორიულად აკრძალულია! ორი წლიდან 5-მდე ასაკში ერთი საათია დღეში დაშვებული. ამავე დროს მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ ის მედიაპროდუქტი, რაც ბავშვმა უნდა ნახოს. შეარჩიეთ არაძალადობრივი, საგანმანათლებლო და პროსოციალური გადაცემები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი მონაწილეობდეს ამ პროცესში.

6 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მკაცრი რეკომენდაცია დროსთან დაკავშირებით არ არის მოწოდებული, ოღონდ მითითებულია: „ეცადეთ, სახლში გამოყოთ ციფრული მედიისაგან თავისუფალი გარემო“. ასეთი გარემო უნდა იყოს, მაგალითად, ბავშვის საძინებელი. არცერთ შემთხვევაში ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს ნოუთბუქი, სმარტფონი ან სხვა სახის გაჯეტი, რადგან მშობელი ამ დროს ვერ გააკონტროლებს ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებულ დროს და ვერც ვიდეომასალის შინაარსს. გახსოვდეთ, ეკრანდამოკიდებულება ერთგვარად ჰგავს წამალდამოკიდებულებასა თუ თამაშდამოკიდებულებას.

არიან ბავშვები, რომლებიც უკონტროლოდ უყურებენ აგრესიულ ვიდეოებს, თამაშობენ აგრესიულ თამაშებს... ამას სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს! ასეთმა მოზარდმა თავისუფლად შეიძლება, იგივე ქცევა დაუფიქრებლად გაიმეოროს. ძალადობა, აგრესია და ასოციალური ქცევები პირდაპირ არის დაკავშირებული კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების არაკონტროლირებად მოხმარებასთან. მშობელი, რომელიც არ აკონტროლებს შვილის ურთიერთობას ეკრანთან, სწირავს მას ფსიქოლოგიური პრობლემებისათვის. ეს ყველაფერი ბავშვის ტვინის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. დიდი სურვილი მექნება, თუკი თქვენი გაზეთი ამ თემის დეტალური განხილვით სამომავლოდაც დაინტერესდება.