როგორც გოგავა ჩვენებაში ყვება, შაქარაშვილი დაბადების დღეზე წასასვლელად რამდენიმე დღე სწორედ იმის გამო ემზადებოდა, რომ იქ ხატისკაცის ნახვას შეძლებდა. გოგავას თქმით, შაქარაშვილს ხატისკაცთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან გოგოს ის აღარ მოსწონდა.
გარდა ამისა, როგორც გოგავა ჩვენებაში აღნიშნავს, გური ამირხანაშვილისგან გაიგო, რომ დაბადების დღეზე სიტუაცია დაძაბული იყო, რადგან „ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე“. მისივე თქმით, ამირხანაშვილი ასევე საუბრობდა დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებზე.
2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ზუსტი დრო არ მახსოვს, ალბათ, 11-12 საათი იქნებოდა, რა დროსაც მე „ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება ჩემი მეგობარი ოლეგ ბობოხიძისგან, რომელშიც ეწერა „ბიჭო, შაქარა დაიკარგა, გუშინ ღამის მერე არ გამოჩენილა“. შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მე დავურეკე ოლეგს და ვესაუბრე დეტალებში გასარკვევად. საუბრის დროს ოლეგიმ მითხრა, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, რომელშიც გიორგის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი განმარტებით, იგი გიორგის ნათესავებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, რაზედაც მე დავუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემს მეგობარს ალეკო ნავროზაშვილს. ჩვენ შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში. ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგ ბობოხიძე. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის პოლიციის შენობაში იყო. მე ოლეგ ბობოხიძისგან გავიგე, რომ ღამით, დაახლოებით, 2 საათისკენ, გურამ ამირხანაშვილმა მიწერა მას, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, ის და გიორგი შაქარაშვილი არაფერ შუაში იყვნენ, გვიან ლისზე მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა მოვიდა, უმიზეზოდ დაუწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის მგზავრებმა გურამი ჩაისვეს ავტომობილში, გიორგი შაქარაშვილი კი გაიქცა...
გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ, რაზედაც იგი მიყვებოდა შემდეგ ისტორიას: დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი მივიდნენ დაგვიანებით, დაახლოებით 10 საათის შემდეგ. ადგილზე მისულებს იქ მყოფები უკვე ნასვამ მდგომარეობაში დახვდათ. მისივე გადმოცემით, სიტუაცია დაბადების დღეზე მყოფ ხალხს შორის დაძაბული იყო, რის მიზეზადაც გურამი ასახელებდა ადგილზე მყოფ გოგოებს. რამდენადაც მე გავიგე, ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე, მეორე მიზეზად კი ასახელებდა, დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებს.
დაძაბულობა მალე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც საბურთალოელებმა დაჩაგრეს ნახალოვკელები, რის შემდეგაც დაჩაგრული ნახალოვკელები ადგილიდან წავიდნენ. ადგილზე დარჩენილებმა კი გადაწყვიტეს ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის იქ გაგრძელება. ავტომობილებით მყოფებმა ჩაისვეს გოგოები და წაიყვანეს ლისზე, დარჩენილებმა კი გზაზე გასვლა და სხვა ტრანსპორტით ჩამოსვლა გადაწყვიტეს თბილისში. გურამის გადმოცემით, 5-6 ადამიანი მოძრაობდა გზაზე ფეხით. გადმოკვეთეს არაგვზე არსებული ხიდი, რა დროსაც მათ წამოეწიათ ავტომობილი, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და დაუწყეს მათ ცემა, რაზეც გურამი და გიორგი შაქარაშვილი სხვებთან ერთად გაიქცნენ ადგილიდან, შემდეგ კი მობრუნდნენ უკან, მივიდნენ იქ მყოფ პირთან, რომელიც მანამდე მათთან ერთად მოძრაობდა და ნაცემი იყო. ამ დროს, მეორე ავტომობილი მოვიდა, შეჩერდა მათ წინ, იქიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გაემართნენ მათკენ, რა დროსაც გურამი, გიორგი შაქარაშვილი და მათი თანმხლები პირები ისევ გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის ხიდის მეორე მხარეს გადავიდა სირბილის დროს, იგი კი უკან მიყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ხიდის ბოლოში გზასთან არსებული მცირე ზომის შენობა დაინახა და იმის უკან გადაწყვიტა დამალულიყო. შაქარაშვილი კი, ბოლო მომენტში, როდესაც დაინახა, ხიდის ქვეშ ჩამავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს, თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზეც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ კი, ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ და ამიტომ ჩაჯდა ავტომობილში. 22 ივნისს, პოლიციამ გიორგის გვამი აღმოაჩინა მდინარე არაგვში, რაც მე საეჭვოდ მეჩვენა, ვინაიდან გიორგიმ ცურვა არ იცოდა და ზოგადად, ერიდებოდა წყალს, მდინარეს. მე დარწმუნებული ვარ, იგი მდინარეში არ ჩავიდოდა. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქრაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში.
კითხვაზე გიპასუხებთ,რომ მე არ ვიცი, ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა, უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. მგონი ასე მოვისმინე ვიღაცისგან, ოღონდ, სად და როდის, არ ვიცი. გიორგისგან მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი შაქრაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან 2020 წლის გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი ეს 8“, ვინაიდან მისი გადმოცემით ტელეფონს დიდ დროს უთმობდა და მის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს“, - აცხადებს შაქარაშვილის მეგობარი, ლუკა გოგავა ჩვენებაში.