8 წლის ანა ზოიძე პატარა ნიჭიერი მხატვარია და პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. როგორც თავად გვეუბნება, ხატვა ბედნიერებასა და სიხარულს ანიჭებს. უყვარს სიმღერა და მუსიკის მოსმენა. ის საკუთარი მიზნებისა და ოცნებების შესახებ უფრო დეტალურად გვიყვება:
- ხატვა 3 წლიდან დავიწყე. ბებიას ჰყავს მეგობარი, ისიც მხატვარია - მზექალა ბერძენიშვილი. ერთ დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა. მე რაღაცას ვხატავდი და თქვა, რა საოცრებებს ხატავსო. ამის შემდეგ მასთან მივედი და ბავშვობიდან ის ჩემი მასწავლებელია.
- რისი ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად?
- ყველაფრის ხატვა მიყვარს, რაც გამომდის. რაც არ გამომდის, ისიც მიყვარს. მაგრამ, კარგად რომ ვხატავ, მთელ ოჯახს უხარია.
- რას ნიშნავს შენთვის ხატვა?
- ბედნიერებას. ხატვა სიხარულს მანიჭებს. ვერ ავხსნი, ისე მიყვარს.
- კიდევ რა ინტერესები გაქვს, რა არის შენი ჰობი, გარდა ხატვისა?
- სიმღერა ძალიან მიყვარს. უკვე 2 სიმღერა ჩავწერეთ. ზოგჯერ მუსიკას ვუსმენ, ზოგჯერ ჩემთვის ოთახში ვმღერი, ვხატავ. ხანდახან როცა ვმღერი, ზუსტად მაშინ მომდის იდეა, რა უნდა დავხატო.
- მომავალში გეგმავ, რომ მხატვარი გახდე?
- მინდა, რომ მხატვარი და მომღერალი გამოვიდე. რომ გავიზრდები, ძალიან მინდა ჩემი სახელოსნო შევქმნა. უზარმაზარი იქნება, სადაც ბევრი ადამიანი მოვა და ბევრ ბავშვს ვასწავლი ხატვას, სიმღერას, ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ ვასწავლო. გავახარებ ყველას, დედას, მამას, პატარა ბავშვების მშობლებს. ნახატებს ჩემთვის კი არ ვხატავ, ვხატავ იმისთვის, რომ სხვები გავახარო.
- შენს თანატოლებს რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ ასე კარგად ხატავ?
- ძალიან ბევრი ბავშვი შემხვედრია, ნახატებს რომ ნახულობენ, კითხულობენ, ვინ დახატა და როცა ვეუბნები, რომ მე დავხატე, მათაც ძალიან უნდებათ, რომ დახატონ.
- დედის, მამის, ოჯახის მხარდაჭერა რამდენად გეხმარება, რომ უფრო კარგი რაღაცები შექმნა და სტიმული გქონდეს?
- სხვებს რომ მოსწონთ ჩემი ნახატები, ეს უფრო მამხნევებს და უფრო ვცდილობ, რომ ის, რაც არ გამომდის, გამომივიდეს და გავახარო ჩემი ოჯახის წევრები. მინდა, რომ ყველა ბავშვის ოცნება ასრულდეს და მიაღწიონ ყველაფერს, რაც უნდათ.
- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ?
- უნდა ეცადონ. თუ ერთხელ არ გამოუვათ, ბევრჯერ სცადონ და ყველაფერი გამოუვათ. ოცნებები ხდება, თუ ძალიან გინდა და ცდილობ, რომ გამოგივიდეს და აგიხდეს.
- სამომავლოდ რის გაკეთებას აპირებ?
- მომივიდა იდეა, რომ პატარებისთვის მადლიერების ბლოკნოტები გამეკეთებინა. იქ ჩაწერ, რა მოგეწონა იმ დღეს ან რა არ მოგეწონა. დაწერ შინაგან გრძნობებზე, იმ წუთას როგორი რაღაც იგრძენი. ყდა კიდევ ჩემი ნახატებით იქნება გაფორმებული. მეორე იდეაც მაქვს. ძალიან ბევრ დედას, მამას და შვილს აქვს პრობლემა. ერთმანეთს ვერ უგებენ. უნდა გავაკეთო ბლოკნოტები, სადაც ერთ გვერდზე ეწერება "დედა", მეორეზე "შვილი". ამით მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცუდი და კარგი ისტორიები, ფიქრები, ზოგჯერ ბოდიშიც მოუხადონ. ხანდახან პირდაპირ ვერ ეუბნებიან ხოლმე რაზე ოცნებობენ, ვინ უნდათ რომ გამოვიდნენ. დიდებიც ხომ პატარები იყვნენ, პატარებიც ხომ დიდები გახდებიან. მაგისთვისაა ეს ბლოკნოტი, რომ ერთმანეთს მოეფერონ, ელაპარაკონ და საიდუმლოები გაუზიარონ.
ცნობისათვის, ანას დიდი პაპა აკადემიკოსი და ბევრისთვის საყვარელი პიროვნება შალვა ამონაშვილია, ანას დიდი ბებია კი, ცნობილი პედაგოგი ნათელა ამონაშვილი.
ანას დედა, მარიამ დავითინიძე ამონაშვილის აკადემიაში საქმიანობს და ქალბატონებისთვის ატარებს საინტერესო სემინარებს. მარიამი თავად გვიყვება ნიჭიერი ქალიშვილის შესახებ, თუ რა სირთულეები ახლავს თან ამ ყველაფერს და იმაზეც, თუ როგორ ეხმარება ჰუმანური პედაგოგიკა შვილებთან ურთიერთობაში:
- ზოგადად, ხელოვანი ადამიანები რთული ადამიანები არიან. ბავშვს შეიძლება ბევრი იდეა და მოთხოვნილება ჰქონდეს. ასევე, ხასიათი, რომელთან გამკლავებაც შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ, მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად ღირს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ბევრად უფრო ფერადი და განსხვავებული სამყარო აქვს შიგნით, რომლის გადმოტანასაც ცდილობს. რა თქმა უნდა, გადმოტანისა და ასახვის პროცესი რთულია, ამიტომ უნდა გავუგოთ მაქსიმალურად და დიდი მოთმინებით აღვიჭურვოთ. ტილოებსაც კი თავად ვაკეთებთ სახლში. ანა საკმაოდ დიდ ტილოებზე ხატავს და გარდა იმისა, რომ თანხებთანაა დაკავშირებული, ხშირად ისეთ ფორმებსა და ზომებს, როგორიცაა საჭირო, ვერც ვპოულობთ. შვილი საკმაოდ დიდი შრომაა მშობლების მხრიდან და ხელოვანი შვილი, მით უმეტეს. ამიტომ, მოთმინება, იმედი და რწმენაა მნიშვნელოვანი. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვს მცდელობის სურვილი გაუქრეს და შეცდომების ფონზე წინ ვერ წავიდეს და ვერ განვითარდეს.
- ანას ძმა თუ ხატავს?
- ანას ძმა ფანქარში ხატავს კარიკატურებსა და კომიქსებს. ფერებში არ ხატავს მიუხედავად იმისა, რომ ბევრნაირი შეთავაზება იყო ჩვენი მხრიდან. როდესაც დახატავს, მერე ვახსნევინებ ხოლმე, რა დახატა. ფრაზებს იგონებს და ნახატებზე ვუწერთ. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიებს ხატავს. რაც შეეხება ანას, ხატავს ტილოზე, კერამიკაზე, ხეზე, ნაჭერზე. არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ტექნიკითა და მხოლოდ ერთი მასალით. ცდილობს, სიახლე შემოიტანოს. თიხისგანაც აკეთებდა ნივთებს. ახლა პერსონალური გამოფენისკენ აიღო გეზი. 3 უცხო ენას სწავლობს, ბუშეტში შალვა ამონაშვილთან ძალიან ბევრი განმავითარებელი აქტივობა აქვს და დრო აღარ რჩება, რომ ხელნაკეთი ნივთები შექმნას.
- ჰუმანური პედაგოგიკა რამდენად გეხმარებათ ბავშვებთან ურთიერთობაში?
- ჰუმანური პედაგოგიკა ძალიან გვეხმარება. ეს საყრდენია იმიტომ, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობა შეცდომების გარეშე არ არსებობს. მაგრამ, როდესაც თქვენი ურთიერთობის ამოსავალ წერტილად გაგება და ერთმანეთის აღიარება გაქვთ, ყველაფერი მარტივდება. მარტო შენ არ ხარ დიდი, შენი შვილიც დიდია. მარტო შენ არ ასწავლი, მასაც შეუძლია რაღაც საინტერესო გითხრას და გიჩვენოს. როცა ეს საყრდენი გაქვთ, გაუგებრობა, კონფლიქტი თუ აუხსნელი მოლოდინები უფრო სხვა ჭრილში გადადის. საბოლოოდ, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი შეიძლება შევცვალოთ. სხვაზე მაინც რთულია გავლენის მოხდენა. ამიტომ, ჰუმანური პედაგოგიკა საკუთარ თავთან მუშაობის ძალიან კარგი საფუძველიცაა და საშუალებაც. ერთმანეთის მიმღებლობა, დანახვა და აღიარება ბევრ პრობლემას ამარტივებს.
ანას ძმის, გაბრიელის, კომიქსი სახელწოდებით "სუპერ ოჯახი"
- ქალებს უტარებთ ტრენინგებს, რომლის ერთ-ერთი თემა ოჯახური ბედნიერებაა. რამდენიმე სიტყვით რომ გვესაუბროთ ამ ტრენინგზე და ასევე, რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ ქალებს, რა უნდა შეცვალონ ან გაითვალისწინონ თავიანთ ცხოვრებაში, რომ ბედნიერები იყვნენ?
- კონკრეტულად ეს თემა ციხესიმაგრის პრინციპითაა აგებული. წარმოდგენილი მაქვს ჩემი ოჯახის მაგალითზე ქალისთვის სახლი, როგორც ციხესიმაგრე. სახლს აქვს საძირკველი, დიდი კედლები, კიბეები, გადახურვა. ეს ყოველი ელემენტი რაღაც თვისებაა. პირველ რიგში, რასაც ვურჩევდი, არის ის, რომ ყოველთვის საყრდენად ჰქონდეთ ნდობა საკუთარი თავის, შვილებისა და ოჯახის წევრების მიმართ. მაქსიმალურად უპირობოსთან მიახლოებული ნდობის გარეშე მყარი საფუძვლის შეცვლა გამორიცხულია. დიდი კედლები ამ ტრენინგში წარმოდგენილია, როგორც პატიების უნარი. ამიტომ, მეორე რჩევა იქნება, რომ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს პატიება. ოღონდ პირობითად დავიწყება და ცოტახანში გახსენება არა, არამედ რეალური და ჭეშმარიტი პატიება, რაც ნიშნავს მიტევებას და ამ ყველაფრის გულიდან გაშვებას. მესამე განვითარებაა. თუ ადამიანს არ უნდა განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა და საკუთარი თავის შეცვლა, მაშინ ძალიან რთულია ოჯახური ბედნიერებისა და ჰარმონიის მიღწევა იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ყოველ დღე იცვლება. ჩვენი შვილები იცვლებიან, თავად ვიცვლებით, გარემო იცვლება და თუ არ ხარ ორიენტირებული, რომ საკუთარ თავზე იმუშაო, მაშინ განვითარებისკენ არ ისწრაფვი. მეოთხე რჩევა, რაც სახლის სახურავად შეიძლება წარმოვიდგინოთ, არის ერთიანი ოჯახური ღირებულების შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ოჯახის ყველა წევრი ერთი გზით მიდიოდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, მაგრამ თავიანთი თანაცხოვრების მიზანი ერთი უნდა იყოს და უნდა ხედავდნენ ამ მიზანს. ჩვენს შემთხვევაში, მთავარი მიზანი არის ის, რომ შევეცადოთ და ვიცხოვროთ ისე, რომ სხვისთვის არა მაგალითი, არამედ მოტივაცია ვიყოთ. მაგალითად, ანა ცდილობს, რომ ბავშვებისთვის მოტივაცია იყოს, რათა მათაც დაიჯერონ, რომ შეუძლიათ და აუცილებლად გამოუვათ. ამიტომ, მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის ის, რომ შევქმნათ რაღაც დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენი ოჯახის ყველა წევრი თუნდაც ირიბად, მაგრამ მაინც ასრულებს. ყველა ოჯახი თუ ისე იქნება მომართული, რომ ვიღაცისთვის მოტივაციის, სიხარულის მომტანი იყოს, უფრო კარგი საზოგადოება იქნება ჩვენ გარშემო.
ნათელა და შალვა ამონაშვილები შვილებთან, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებთან ერთად
თამარ იაკობაშვილი