სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი გუშინ დამთავრდა და საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნინას პერსონაჟის
გადაწყვეტილებას - 5 შვილის დედა, რომელსაც სიმსივნე აქვს, წყვეტს უცხო ქვეყანაში გადაბარგებას, სადაც თითქოსდა რაღაც ლერწმით მკურნალობენ კიბოს, და ემშვიდობება ქმარსა და შვილებს, ამბობს, რომ დაიღალა მათგან და რომ სურს, იქ დაელოდოს ან სიკვდილს, ან გამოჯანმრთელებას, ოღონდ, მათგან შორს.
მაყურებელი ქალების დიდმა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ნინა, რადგან მან ეგოისტურად მიიღო გადაწყვეტილება და მიატოვა ბავშვები და ქმარი. თუმცა ამ სცენას კიდევ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოში მცხოვრებ ონკოპაციენტებზე. ამ ეპიზოდს გამოეხმაურა ერთ-ერთი მათგანი, სოფო ფირანიშვილი, რომელსაც ჩვენი მკითხველი იცნობს - მან დიდი ბრძოლის შედეგად დაამარცხა სიმსივნე და ახლა სხვებს ეხმარება ამ ბრძოლაში.
"ჯერ კიდევ ისრაელში ვიყავი და ქიმიებს ვისხამდი, ნინას პერსონაჟს ჩვენდა გასახარად თმები გადაპარსეს, ერთი ამბავი ატყდა, გმირობად შერაცხრეს.
მას მერე კიდევ ერთი სატელევიზიო თმის გადაპარსვა შედგა, მაშინაც და დღესაც იგივე აზრზე ვარ, თუ ვინმეს ჩვენი გვერდში დგომა უნდა, ჯანსაღი გარემო გაგვიყავით რა.
საკუთარი თმა მეყო სადარდებლად, კიდევ თქვენიც რომ არ დამიმატოთ (თუმცა ვინც ონკოპაციენტი არ ხართ, ვერც ამ ხუმრობას და ვერც ამ ტკივილს ვერ ჩაწვდებით და არც ეცადოთ).
და რაც შეეხება გუშინდელ “სიკვდილის რეპეტიციებს”, ოჯახის დატოვებასა და ნახარშების სმას, ვწუხვარ, რომ ეს მოვისმინე.
ვწუხვარ, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ადამიანებს მოუწოდებს, და თქვენც, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ახლა, რომ კიბო არ არის განაჩენი, თქვენ შეძელით და ძალიან ბევრ ადამიანს გამოუტანეთ განაჩენი (და ეს მაშინ, როცა ბალახების ნახარშების სმით იღუპება ნახევარი საქართველო!!!).
ვწუხვარ, რომ ამას ვუყურე, ვწუხვარ, რომ “პასუხისმგებლობა” არანაირ კონტექსტში არ გაგაჩნიათ.
ციკლიდან: კიბო არ ნიშნავს სიკვდილის რეპეტიციებს და ეს ზუსტად გახსოვდეთ, ადამიანებო!
- მე უკვე დავამთავრე ეს ამბები, მიმდინარეეებზე ვდარდობ".
"იმედი მაქვს, სწორად გაიგებს მაყურებელი" - სად წავიდა სინამდვილეში "ნინა"